ოპოზიციური კოალიცია საპროტესტო კამპანიას განაგრძობს

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია კვლავ განაგრძობს საპროტესტო კამპანიას ლოზუნგით ”საქართველო სააკაშვილის გარეშე,” განაცხადა დღეს ოპოზიციური კოალიციის სახელით კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის შენობის წინ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. 


5 თებერვალს ოპოზიციური კოალიცია დაიწყებს თბილისში ხელმოწერების შეგროვების კამპანიას  – ”მე არ ამირჩევია სააკაშვილი”. 7 თებერვალს რუსთაველის გამზირზე მოეწყობა აქცია სახელწოდებით – ”ხმების ქურდები”. 8 თებერვალს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში გაიმართება მიტინგი.


ამ აქციების ფონზე გაგრძელდება დიალოგი მმართველ პარტიასთან ოპოზიციის 17-პუნქტიანი მემორანდუმის თაობაზე. მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი, რომელიც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, 1 თებერვალს შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან. მომდევნო შეხვედრა 5 თებერვალს გაიმართება.


იმავდროულად, ოპოზიცია ემზადება 15 თებერვლის მასშტაბური აქციისათვის, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იგეგმება.


”თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აქციები, დამოკიდებული იქნება მემორანდუმში ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესრულებაზე [ხელისუფლების მხრიდან],” –  განაცხადა 4 თებერვალს ზვიად ძიძიგურმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)