ბურჯანაძე: ოპოზიციის გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე ”გაუგებარია”

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიციის განცხადება მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე ”უცნაური” და ”გაუგებარია”.


”წინა შეხვედრები [ოპოზიციასთან] იყო ძალიან კონსტრუქციული და ჩვენ წინ გადავდგით ნაბიჯები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფი იყო წასული სწორედ იმ საკითხების გასარკვევად, რომელიც ეხება [7 ნოემბრის არეულობის დროს დაპატიმრებული] პატიმრების გათავისუფლებას,” განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 8 თებერვალს. ”შუა პროცესში მოლაპარაკებებისა, შეთანხმებისა და რაც მთავარია, ამ შეთანხმებების რეალიზაციისა, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ და ვემზადებით სამშაბათის შეხვედრისათვის, წინასწარ განცხადებების გაკეთება, რომ მოლაპარაკებები წყდება და ულტიმალუმის ტონზე გადასვლა უბრალოდ უცნაური უნდა იყოს.”


მან ასევე დასძინა: ”მე მინდა კიდევ ერთხელ იმედი ვიქონიო, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც კონსტრუქციულობას შეინარჩუნებს მით უმეტეს, რომ ჩვენ ამის სრულ საფუძველს მათ ნამდვილად ვაძლევთ.”


აქ მან სავარაუდოდ იგულისხმა მრეწველთა პარტიის ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადება, რომელმაც 8 თებერვალს განაცხდა: ”ვადა მიცემულია 15 თებერვლამდე და ამ ვადას უნდა დაველოდოთ. მე მგონი უფრო უპრიანი იქნება დაველოდოთ პასუხს და ამის შემდეგ მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება”.


მრეწველთა პარტია, ისევე როგორც ახალი მემარჯვენეები, ცხრა პარტიისგან შემდგარ ოპოზიციურ კოალიციაში არ შედიან, თუმცა ორივე პარტია ოპოზიციის ერთობლივ მემორანდუმს შეუერთდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)