ოპოზიციის მიერ წარდგენილ პატიმრების სიაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს

ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელების ერთ-ერთ წინაპირობად იმ 44 პატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს, რომელთა უმეტესობა პოლიტიკური ნიშნით ან 7 ნოემბრის მოვლენების დროს იქნა დაკავებული, თუმცა მმართველი  უმრავლესობა აცხადებს, რომ პატიმართა დიდი ნაწილი სხვადასხვა ბრალდებით არის დაკავებული და არა ნოემბრის მოვლენების გამო.


”სიის დეტალური შესწავლისას აბსოლუტურად საპირისპიროს გადავაწყდით,”- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, ”ნამდვილად იქნა წარმოდგენილი 44-კაციანი სია, თუმცა სიის შემოწმებისთანავე დადგინდა, რომ ამ 44 ადამიანიდან 11 უკვე ისედაც გარეთ არის და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეები არ მიმდინარეობს”.


ბეჟაშვილის განცხადებით, მხოლოდ 4 ადამიანი ფიგურირებს სიაში ისეთი, ვინც უშუალოდ 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს.


მისი ინფორმაციით,  სიაში 13 ადამიანი ნარკოტიკულ დანაშაულში არის მხილებული. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ რეალურად ეს ადამიანები 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობის გამო არიან დაპატიმრებულები.


”ისინი არიან დაპატიმრებული ვითომ ნარკოტიკის ტარების გამო ანუ რეალურად მათ ჩაგდებული აქვთ [ნარკოტიკი],”- აცხადებს დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან დავით ზურაბიშვილი, ”ეს ადამიანები ამოიცნეს ტელევიზიის ჩანაწერში, რომ მონაწილეობდნენ 7 ნოემბრის აქციაში, დაიჭირეს მერე, ჩაუგდეს ჯიბეში რაღაცა და დააპატიმრეს…  ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ეს ხალხი იყოს დაპატიმრებული იმის გამო, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა აქციებში”.


ოპოზიციონერი დეპუტატი კონსერვატიული პარტიიდან ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ პატიმართა სიაში ფიგურირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის გვარიც, თუმცა ლევან ბეჟაშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს.


”ოქრუაშვილზე საუბარი ამ სიაში არ არის,”- აცხადებს ბეჟაშვილი, ”სიაში ერთ-ერთთაგანი შალვა რამიშვილია, რომელიც ასევე არანაირად არ უკავშირდება საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს”.


მისი თქმით, ასევე არ უკავშირდება ნოემბრის მოვლენებს სიაში წარმოდგენილი 6 პატიმრის გვარი, რომლებიც ექს-პრეზიდენტ შევარდნაძეზე 1998 წელს მოწყობილ ტერაქტში არიან მსჯავრდებულები, ხოლო 2 ადამიანის გვარი საერთოდ არ ფიგურირებს არცერთ სისხლის სამართლის საქმეში.


ოპოზიცია აღიარებს, რომ მათ სიაში არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც უშუალოდ 7 ნოემბრის აქციებს არ უკავშირდება.


”არიან ადამიანები, რომლებიც ნოემბრის მოვლენების გამო არიან დაპატიმრებულები, რა თქმა უნდა სხვადასხვა ბრალდებები უწერიათ მათ ქაღალდებში, არიან ადამიანები, რომლების ცნობილი თებერვლის ტერაქტის გამო ჯერ კიდევ არიან ციხეში – 5 კაცია ასეთი,”- აცხადებს ზვიად ძიძიგური, ”არის შეტანილი სხვა პირებიც, რომლებიც 7 ნოემბერს უშუალოდ არ უკავშირდებიან, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებებით არიან დაპატიმრებულები”.


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)