ახალი მემარჯვენეები ოპოზიციას ’ხელისუფლების დასამარცხებლად’ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ის წყვეტს დიალოგს მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისაკენ მოუწოდა ”ხელისუფლების დასამარცხებლად”.


”მარტო მიტინგებით და ქუჩის აქციებით ჩვენ ვერაფერს ვერ გადავწყვეტთ და მე მინდა მთელ ოპოზიციურ სპექტრს – იგივე ეროვნულ საბჭოში გაერთიანებულ პარტიებს, იგივე ლეიბორისტულ პარტიას, იგივე მრეწველებს, იგივე გიორგი თარგამაძის ახლად შექმნილ პარტიას შევთავაზო და ვუთხრა, რომ მე მგონი, ერთადერთი შანსი დღეს არის გაერთიანება. ყველას ერთიანი ფრონტი არის გარანტი იმისა, რომ ჩვენ ამ ხელისუფლებას დავამარცხებთ. საარჩევნო სიაშიც და ფრონტის ყველა ხაზზე გაერთიანება ეს არის ჩემი წინადადება, ჩემი შეთავაზება, ჩვენ მზად ვართ ამისთვის იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს ხელისუფლება. და მსოფლმხედველობები, იდეოლოგიები გადავდოთ მას შემდეგ, როდესაც ელემენტარული დემოკრატიული გარემო იქნება ამ ქვეყანაში,”- განაცხადა გამყრელიძემ.


14 თებერვალს, ”რუსთავი 2”-ზე თოქ-შოუ Primetime-ში საუბრისას გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისი პარტია, ოპოზიციური გაერთიანების მსგავსად, ტოვებს მოლაპარაკებათა ფორმატს, რადგან ხელისუფლებამ კომპრომისის არანაირი ნიშანიც კი არ აჩვენა.


”ახალი მემარჯვენეები ოფიციალურად ვტოვებთ დიალოგის ფორმატს, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. და ჩვენ არა მარტო ხვალ მივმართავთ პროტესტის ამ ფორმას, არამედ გამოვიყენებთ პოლიტიკური ბრძოლის ყველა მშვიდობიან ფორმას იმისათვის, რომ მივაღწიოთ, პირველ რიგში, მართლაც მშვიდობიან, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს,”- განაცხადა მან.


ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ 15 თებერვლიდან ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს და გააგრძელებს მანამ, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ხელისუფლება. იმავდროულად, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ოპოზიცია თავიდანვე არ იყო დაინტერესებული შეთანხმების მიღწევაში, რადგან მათი მიზანი იყო მოლაპარაკებათა მაგიდიდან პროცესების ისევ ქუჩაში გადატანა.


გამყრელიძემ ეს ნაწილობრივ აღიარა: ”შეიძლება მართლაც ოპოზიციურ სპექტრში სხვადასხვა ძალები არსებობენ და შეიძლება ვიღაც იყოს უფრო მეტად გულშემატკივარი ქუჩის აქციებისა, მაგრამ მე მგონი, მე და ჩემს მეგობრებს ამას ვერავინ ვერ დაგვაბრალებს. მე ვამბობ, რომ ხელისუფლებამ აი ამ პასუხით არანაირი სხვა შანსი არ დაგვიტოვა, გარდა საპროტესტო აქციებისა”.  


როცა 8 თებერვალს ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა გამოაცხადა, რომ წყვეტს მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან მათი კონკრეტული მოთხოვნების შესრულებამდე, ახალი მემარჯვენეები აცხადებდნენ, რომ ისინი დიალოგის შესაძლებლობას 15 თებერვლამდე ბოლომდე ამოწურავდნენ. 15 თებერვალი ეს იყო ვადა, რომელიც 29 იანვარს გამოქვეყნებულ 17-პუნქტიან მემორანდუმში ასახული მოთხოვნების შესასრულებლად 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლებას მისცა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)