”საქართველომ არ უნდა აღიაროს კოსოვო” – ოპოზიციის ლიდერი
საქართველოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება სახიფათო იქნება ქვეყნისათვის, განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა.
”ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ,”- აღნიშნა მან 15 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუში საუბრისას.
იმავდროულად, ლეიბორისტულმა პარტიამ 16 თებერვალს მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს ხელი მოაწერონ ერთობლივ დეკლარაციას საქართველოს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგ.
”დღეს საქართველოს ამაზე დიდი პრობლემა არ გააჩნია – კოსოვოს აღიარება,”- განაცხადა კახა ძაგანიამ ლეიბორისტული პარტიიდან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”შესაძლებელი გახდება ამ პრეცედენტის საფუძველზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე ფაქტო აღიარება. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას ხელი მოაწეროს ლეიბორისტული პარტიის დეკლარაციაზე, რაც საშუალებას მისცემს აღნიშნული პრობლემის სამართლებრივ და პოლიტიკურ მოგვარებაში”.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა იქნება ოფიციალური თბილისის პოზიცია კოსოვოს შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს შეკითხვაზე – აღიარებს თუ არა საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას. სერბეთის ეს რეგიონი დამოუკიდებლობის გამოცხადებას 17 თებერვალს გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)