ექვსი ”პოლიტპატიმრის” გათავისუფლებით ოპოზიციის მოთხოვნა ნაწილობრივ შესრულდა
ხელისუფლებამ 18 თებერვალს ნაწილობრივ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნები მას შემდეგ, რაც 7 ნოემბრის მოვლენების გამო დაკავებული ექვსი პატიმარი გაათავისუფლა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამ პიროვნებების გათავისუფლება არის ”სერიოზული ნაბიჯი,” რომელიც ადასტურებს ხელისუფლების განზრახვას შეასრულოს მიღწეული შეთანხმებები.
მან ასევე განაცხადა, რომ ”რამდენიმე პიროვნება”, რომლებიც 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააპატიმრეს, კვლავ ციხეში რჩება, თუმცა ”გარკვეული ტექნიკური პროცედურების” გავლის შემდეგ მათაც გაათავისუფლებენ.
ოპოზიციურმა კოალიციამ ასევე დადასტურა, რომ ექვსი ადამიანი გაათავისუფლეს. კონსერვატორულმა პარტიმ 18 თებერვალს თავის ვებ-გვერდზე ამ პირების გვარები გამოაქვეყნა.
13 თებერვალს კოალიციამ იმ ხალხის სია გამოაქვეყნა, რომელთა გათავისუფლებასაც ოპოზიცია ითხოვდა. ამ სიაში შედიოდა ცხრა ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააპატიმრეს; სიაში ასევე შედიოდა კიდევ ცხრა ადამიანი, რომელსაც ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებები აქვს წაყენებული. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებები გაყალბებულია იმ პირების წინააღმდეგ, რომელთაც ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციებში მიიღეს მონაწილეობა.
”პოლიტიკურ პატიმართა” გათავისუფლება ოპოზიციის სამიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელთაც ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგის განახლების წინაპირობად აყენებს. დანარჩენი ორი მოთხოვნა ეხება ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თამარ კინწურაშვილის გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობებიდან. კინწურაშვილის თქმით, ის მაშინვე გადადგება, როგორც კი ახალი სამეურვეო საბჭო იქნება არჩეული. ეს სავარაუდოდ თვის ბოლომდე მოხდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)