აშშ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატები არ იზიარებს კოსოვოს შემთხვევის სხვა კონფლიქტებთან დაკავშირების მცდელობებს, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 19 თებერვალს.


”მე ვიცი, რომ ადრე რუსები ამბობდნენ, რომ კოსოვო პრეცედენტი გახდებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის და ჩვენ უარი ვთქვით ამ კონფლიქტებთან კოსოვოს დაკავშირების მცდელობებზე და ვფიქრობ, სხვებიც ასე მოიქცნენ,” – განაცხადა მაკკორმაკმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. 


მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს, რაც დაეხმარება მათ მშვიდობიანი გზით მოაგვარონ უთანხმოებები.


”რუსები იტყვიან, რომ მათ რისიც სჯერათ მათივე ინტერესებში შედის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არა მარტო სამხრეთ კავკასიის ინტერესებში, არამედ ბალკანეთის ინტერსებშიც შედის, რომ ხელი შეუწყონ დიალოგს, მეტ სტაბილურობას, დიალოგს მხარეებს შორის, რაც დაეხმარება მათ უთანხმოებები მშვიდობიანი გზით მოაგვარონ,” – განაცხადა აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ”ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პრინციპს. თქვენ იცით, რომ შესაძლოა რუსებს ოდნავ განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსოფლიოს მასშტაბით სახელმწიფოთა დიდი უმრავლესობა გამოვიდა და თქვა, რომ ისინი ვერ ხედავენ კავშირს კოსოვოსა და სხვა კონფლიქტების მოგვარებას შორის, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებზე ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობით”.


აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 18 თებერვალს განაცხადა, რომ ”კოსოვო ვერ იქნება მიჩნეული პრეცედენტად სხვა სიტუაციებისთვის დღევანდელ მსოფლიოში”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)