რადიო ”იმედის” ჟურნალისტი ”მწვავე შეკითხვის” გამო სამსახურიდან დაითხოვეს
რადიო ”იმედის” სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელმა ნანა ფაჟავამ განაცხადა, რომ ის სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს გიორგი თარგამაძეს მწვავე შეკითხვა დაუსვა.
ქართული ტელეკომპანიები იტყობინებოდნენ 14 მარტს, რომ ”ინციდენტი” მაშინ მოხდა, როცა თარგამაძე და მისი პარტიის აქტივისტები ზუგდიდის მოსახლეობასა და თავის მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდნენ. ტელეკომპანიებმა უჩვენეს, თუ როგორ გააძევეს პარტიის აქტივისტებმა ნანა ფაჟავა დარბაზიდან. თუმცა, სიუჟეტში ინციდენტის მიზეზებზე არაფერი იყო ნათქვამი.
ფაჟავამ Civil.Ge-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მან დაუსვა თარგამაძეს შეკითხვა იმ ხმების თაობაზე, რომ მის პარტიას რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ”ეკოფუდი” აფინანსებს, რომელშიც, ფაჟავას თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს გარკვეული ინტერესი გააჩნია. ფაჟავას თქმით, ამ კითხვამ თარგამაძე გააღიზიანა და მან ჟურნალისტს ”პროვოკატორი” უწოდა. ინციდენტიდან ცოტა ხანში, ფაჟავას თქმით, რადიო ”იმედის” დირექტორმა ნონა ყანდიაშვილმა დაურეკა მას და უთხრა, რომ ის გათავისუფლებულია სამსახურიდან ჟურნალისტური ეთიკის დარღვევის გამო.
ნონა ყანდიაშვილისგან კომენტარის აღება ვერ მოხერხდა.
ნანა ფაჟავამ ასევე განაცხადა, რომ ის უსამართლოდ დაითხოვეს და არ გამორიცხა, რომ შეიძლება სასამართლოსაც მიმართოს.
ამასობაში, ზუგდიდში ადგილობრივ ჟურნალისტთა ჯგუფმა განცხადება გამოქვეყნა, რომელშიც მოუწოდებენ რადიო ”იმედის” ხელმძღვანელობას ”გადახედოს თავის გადაწყვეტილებას”, რადგანაც ნანა ფაჟავას არ დაურღვევია ჟურნალისტური ეთიკა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინციდენტი ”არასწორ კონტექსტში” გაშუქდა, სადაც ფაჟავა ”პროვოკატორადაა” წარმოჩენილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)