ოპოზიციის ”კომპრომისული წინადადება” უარყვეს
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ჩარევამ პოლიტიკურ კრიზისში რაიმე გარღვევა
ვერ მოიტანა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.
ოპოზიციამ უარი თქვა შიმშილობის აქციის შეწყვეტაზე ხელისუფლების მხრიდან
დათმობების გარეშე, ხოლო მმართველმა პარტიამ, თავის მხრივ, უარი თქვა განეხილა
ოპოზიციის მოთხოვნა შიმშილობის შეწყვეტამდე.
არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ახალი იმპულსი შეიძინა 20 მარტს მას შემდეგ,
რაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მოუწოდა ოპოზიციას შეეწყვიტა შიმშილობის
აქცია და მიმართა მმართველ პარტიას ზომები მიეღო დაძაბულობის განმუხტვის
მიზნით.
რვა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიცია და ახალი მემარჯვენეები, რომლებიც,
შესაბამისად, მე-13 და მე-12 დღეა შიმშილობენ, იძულებული გახდნენ პატრიარქის
მოწოდებას გამოხმაურებოდნენ. თუმცა, ნათელი იყო, რომ ოპოზიცია უპირობოდ არ
დაასრულებდა შიმშილობის აქციას, რადგანაც მხარდამჭერებთან შედეგის გარეშე დაბრუნება
მათთვის არც თუ ისე მომგებიანი ვარიანტი იყო.
20 მარტს საღამოს, ოპოზიციური კოალიციის და ახალი მემარჯვენეების ხუთი
წარმომადგენელი საპატრიარქოში მივიდა, რათა, როგორც მათ აღნიშნეს ”დეტალურად”
აეხსნათ შიმშილობის აქციის მოტივი.
შეხვედრის შემდეგ ხალხის პარტიის ლიდერმა კოვა დავითაშვილმა ჟურნალისტებს
განუცხადა, რომ ოპოზიცია მხოლოდ მაშინ შეწყვეტდა შიმშილობის აქციას და მიუსხდებოდა
მოლაპარაკებათა მაგიდას, თუ ხელისუფლება დააკმაყოფილებდა მათ ”ერთადერთ”
მოთხოვნას მაჟორიტარული არჩევნების რეგიონული პროპორციული სისტემით ჩატარების
თაობაზე.
წერილობითი მოთხოვნა მანამდე უკვე გაეგზავნა მმართველ პარტიას.
”თუ ეს ერთადერთი მოთხოვნა შესრულდება ხელისუფლების მიერ, ჩვენ მზად ვართ
დავასრულოთ შიმშილობის აქცია და განვაახლოთ მოლაპარაკებები მათთან არჩევნებთან
დაკავშირებულ სხვა საკითხებზე,”- განაცხადა დავითაშვილმა, ”ჩვენ არ შევწყვეტთ
აქციას, თუ ეს ერთადერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და პატრიარქი გაიგებს ჩვენ
გადაწყვეტილებას”.
რეგიონალური პროპორციული სიებით მაჟორიტატული დეპუტატების არჩევა საშუალებას
აძლევს პარტიებს ან საარჩევნო ბლოკებს რამდენიმე კანდიდატი დაასახელონ თითოეულ
ოლქში (მანდატების რაოდენობა დამოკიდებული იქნება ოლქის სიდიდეზე). ამ სისტემის
თანახმად, 75 მაჟორიტარული მანდატი პარლამენტში პროპორციულად გადანაწილედება,
პარტიების მიერ კონკრეტულ ოლქში მიღებული ხმების საფუძველზე. ეს სისტემა ასევე
გულისხმობს საარჩევნო ბარიერის დაწესებას და აღარ იქნებიან დამოუკიდებელი
კანდიდატები, რადგანაც ყველა კანდიდატი დასახელდება პარტიის ან საარჩევნო ბლოკის
მიერ.
დავითაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 75 მანდატში ასევე გათვალისწინებული იქნება
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობა.
მისი თქმით, ეს წინადადება არის ”კომპრომისული”, რადგანაც ამით ოპოზიცია
თანხმდება ცოტა ხნის წინ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც
მაჟორიტარულ დეპუტატთა რიცხვი 50-დან 75-მდე გაიზარდა. სწორედ ეს ცვლილება გახდა
შიმშილობის დაწყების კატალიზატორი.
ეს წინადადება ანალოგიურია ცოტა ხნის წინ ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის მიერ
წამოყენებული ინიციატივისა. თუმცა, რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ ამომრჩევლები
იმდენ კანდიდატს მისცემდნენ ხმას მრავალმანდატიან ოლქში, რამდენი ადგილიც არის
მოცემულ ოლქში.
ხელისუფლებამ უკვე უარყო ოპოზიციის ეს წინადადება და მას ”ულტიმატუმი” უწოდა.
20 მარტს გვიან საღამოს ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო
ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ პოლიტიკური ”ულტიმატუმის”
წამოყენებით, ოპოზიცია თავად პარტიარქს უყენებდა მოთხოვნებს.
”ნაცვლად, იმის, რომ უპირობოდ შეწყვეტილიყო შიმშილობა პატრიარქის მოწოდების
შემდეგ, ჩვენმა ოპონენტებმა ახლა უკვე პოლიტიკური მოთხოვნები წაუყენეს თავად
პატრიარქს,” – განაცხადა ბურჯანაძემ, ”აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია პოლიტიკური
მოთხოვნების წამოყენება შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობად”.
”ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ისინი ეხება
პატრიარქის მოწოდებას შიმშილობის აქციის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ,” – განაცხადა
მან, ”ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ოპონენტები შეისმენენ პატრიარქის ამ მოწოდებას,
შეწყვეტენ შიმშილობის აქციას და განაახლებენ მოლაპარაკებებს”.
მმართველ პარტიას სურს, რომ საპარლამენტო არჩევნები იმ სისტემის საფუძველზე
ჩატარდეს, სადაც ერთი მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა თითოეულ ოლქში. ეს წესი
პარლამენტმა სარჩევნო კოდექსში ცვლილებების შედეგად პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
მეორე მოსმენა 21 მარტს იგეგმება.
ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა საშუალებას აძლებს მმართველ პარტიას მეტი
ადგილები მოიპოვოს პარლამენტში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც კანონის თანახმად, ის
კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს და ხმების 30%-ზე მეტს დააგროვებს
პირველ ტურშივე გამარჯვებულად გამოცხადდება და მეორე ტურის საჭიროება აღარ
იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)