ბურჯანაძე ოპოზიციის წინადადებას ”ულტიმატუმს” უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ შეასრულებს ოპოზიციის ”ულტიმატუმს”, თუ ის შიმშილობის აქციას არ შეწყვეტს.


ოპოზიციური კოალიციის და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებმა 20 მარტს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ოპოზიცია მხოლოდ მაშინ შეწყვეტს შიმშილობის აქციას და მიუსხდება მოლაპარაკებათა მაგიდას, თუ ხელისუფლება დააკმაყოფილებს მათ ”ერთადერთ” მოთხოვნას მაჟორიტარული არჩევნების რეგიონული პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე. 


”მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პატრიარქს მისი მზრუნველობისთვის და მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის, ასევე იმ მოწოდებისთვის, რომ ოპონენტებმა შეწყვიტონ შიმშილობის აქცია და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას,” – განაცხადა ბურჯანაძემ.


თუმცა, მან არ ახსენა პატრიარქის მოწოდება ხელისუფლებისადმი გადადგან ნაბიჯები პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისაკენ. ბურჯანაძემ კვლავ გაიმეორა, რომ ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის.


მან ასევე აღნიშნა, რომ პატრიარქის მოწოდება ”ძალიან მნიშვნელოვანი” იყო, რადგანაც ”ჩვენ ყველას, ჩემი ჩათვლით, ღრმად გვწამდა, რომ პატრიარქის მოწოდებას შიმშილობის აქციის დასრულების თაობაზე, მოყვებოდა [ოპოზიციის] თანხმობა”.


20 მარტს გვიან საღამოს ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ პოლიტიკური ”ულტიმატუმის” წამოყენებით, ოპოზიცია თავად პარტიარქს უყენებდა მოთხოვნებს.
    
”ნაცვლად იმისა, რომ უპირობოდ პატრიარქის კურთხევაზე შეწყვეტილიყო შიმშილობა და შემდეგ გაგრძელებულიყო პოლიტიკური დიალოგი, ჩვენმა ოპონენტებმა პოლიტიკური მოთხოვნები წაუყენეს ახლა უკვე პატრიარქს და ყველა ჩვენგანს იმისათვის, რომ პატრიარქის კურთხევა შესრულებულიყო,” – განაცხადა ბურჯანაძემ, ”კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პოლიტიკური მოთხოვნების დაყენება შიმშილობის შეწყვეტის სანაცვლოდ”.


”ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ისინი ეხება პატრიარქის მოწოდებას შიმშილობის აქციის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ,” – განაცხადა მან, ”ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ოპონენტები შეისმენენ პატრიარქის ამ მოწოდებას, შეწყვეტენ შიმშილობის აქციას და განაახლებენ მოლაპარაკებებს”.


”ჩვენ, ისევე როგორც აქამდე, საქართველოს ხელისუფლება მზად ვართ პოლიტიკური დიალოგისთვის. ბევრი საკითხია, რაზეც მოლაპარაკებაა საჭირო, რათა ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. არჩევნების დღე უკვე დანიშნულია [21 მაისი], ამრიგად ყველა პოლიტიკური პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. მაგრამ პოლიტიკური მოთხოვნების წაყენება პატრიარქისთვის და ულტიმატუმების წაყენება პატრიარქისთვის აბსოლუტურად მიუღებელია”.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)