მოსკოვი თბილისს ცხინვალის რეგიონში ’ტერორისტული აქტების’ მოწყობაში ადანაშაულებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მარტს განაცხადა, რომ ბოლო ”ერთ თვეში სამხრეთ ოსეთში ორი სისხლიანი ტერაქტი მოხდა, რომელთა კვალიც თბილისისკენ მიდის”.
ორი ოსი სამართალდამცავი ემსხვერპლა თებერვალში სოფელ დმენისში მომხდარ აფეთქებას, ხოლო 23 მარტს ჩრდილოეთ ოსური სამშვიდობო ბატალიონის წევრი და სამხრეთ ოსეთის უშიშროების თანამშრომელი აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრნენ.
რუსეთის საგარეო უწყება საინფორმაციო შეტყობინებაში აცხადებს, რომ ეს ტერორისტული აქტები ”პროფესიონალების” მიერ იყო ორგანიზებული. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ პირველ შემთხვევაში ასაფეთქებელი ნივთიერება ტელევიზორში იყო ჩამონტაჟებულია და მეორე შემთხვევაში დამალული იყო პაკეტში, რომელიც ქართველებმა გადასცეს ორ მსხვერპლს და გაუჩინარდნენ.
”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ-ოსური კონფლიქტის მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისაკენ მოუწოდებს,”- ნათქვამია განცხადებაში, ”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების განახლება შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფორმატში არსებული ფეთქებადსაშიში სიტუაციის ფონზე”.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს შსკ-ს ფორმატში მუშაობის გაგრძელებას და სურს ეს მაქანიზმი ჩაანაცვლოს 2+2+2 ფორმულით, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. მოსკოვი და ცხინვალი ამ წინადადების წინააღმდეგ არიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მარტის განცხადებაში ასევე დაუჭირა მხარი ცხინვალის წინადადებას დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით. ”თბილისსა და ცხინვალს შორის უმაღლესი დონის პირდაპირი დიალოგი მოწოდებული იქნება ხელი შეუწყოს რეალური გზების გამონახვას კონფლიქტის მყარი მოგვარებისკენ,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”რუსული მხარე გამოხატავს მზადყოფნას დაეხმაროს ამგვარი შეხვედრის ორგანიზებას და გამართვას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)