თავდაცვის მინისტრი ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს MAP-ში გაწევრიანებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 27 მარტს განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ ნატო ”სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს” და 2-4 აპრილს დაგეგმილ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს წევრობის სამოქმედი გეგმას მიანიჭებს.


”რამდენიც არ უნდა იყაყანონ ზოგ-ზოგიერთებმა, ერთ კვირაში დაახლოებით ჩვენ მაინც მივაღწევთ იმას, რომ ოცდაექვსივე ქვეყანა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება ნატოს,” – განუცხადა კეზერაშვილმა ჟურნალისტებს. 


მან ეს განცხადება თავის ლიტველ კოლეგასთან იუოზას ოლეკასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.


ამასობაში, 27 მარტს რადიო ”თავისუფლება” იტყობინება, რომ ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ორი დამოუკიდებელი დეკლარაცია მოამზადეს ბუქარესტის სამიტისთვის – ერთი შეიცავს MAP-ის შეთავაზებას, ხოლო მეორე – არა. Financial Times Deutschland-ი წერდა, რომ MAP-ის შეთავაზება საქართველოსა და უკრაინისთვის გადაიდება.


აშშ-ს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტეფან ჰედლიმ 26 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა: ”იგი [აშშ-ს პრეზიდენტი] კონსულტაციებს მართავს თავის კოლეგებთან [ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან]; ეს კონსულტაციები გაგრძელდება. გვჯერა – მას სჯერა, რომ ნატო მიესალმება ამ ქვეყნების [საქართველოს და უკრაინის] მისწრაფებებს ნატოს წევრობისთვის, და რომ ბუქარესტში ეს ნათლად იქნება გამოხატული”.


”ამრიგად, მე ვიტყოდი, რომ [პრეზიდენტი ბუში] საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ იმ პროცესს, რომელიც ნატომ ჩამოაყალიბა და ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს… და ჩვენ ასევე პატივი უნდა ვცეთ იმ ფაქტს, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო კონსენსუსის გზით მიიღებს სამიტზე. და ის [პრეზიდენტი ბუში] ამ საუბრებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)