მერაბიშვილი ცხინვალის რეგიონს ”შავ ხვრელს” უწოდებს
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მას შემდეგ, რაც ცხინვალმა ქართული სპეცსამსახურები თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ”ტერაქტების” ორგანიზებაში დაადანაშაულა, განაცხადა, რომ რეგიონი კოკოითის რეჟიმის პირობებში ”შავ ხვრელად” იქცა, სადაც მოქალაქეები თავს დაუცველად გრძნობენ.
”ამ ტერიტორიებს მართავენ ბანდიტები და უკანონო ფორმირებები, სამწუხაროდ ეს ადგილი კვლავაც რჩება ადგილად, სადაც განსაკუთრებით დაუცველნი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ამ რეგიონში,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მერაბიშვილმა, ”ვიმედოვნებ, რომ ეს რეჟიმი [დე ფაქტო ხელისუფლება] დაამთავრებს თავის არსებობას და ყველა ადამიანი ამოისუნთქებს, რომ იქ იქნება წესრიგი და კანონიერება”.
ბოლო აფეთქება ცხინვალში 27 მარტს მოხდა და შედეგად 25 წლის გოგონა დაიღუპა და დე ფაქტო გენპროკურორის მძღოლი მძიმედ დაიჭრა. უკანასკნელ პერიოდში ეს ცხინვალის რეგიონში მომხდარი უკვე მესამე აფეთქებაა. ორი ოსი სამართალდამცავი ემსხვერპლა თებერვალში სოფელ დმენისში მომხდარ აფეთქებას, ხოლო 23 მარტს ჩრდილოეთ ოსური სამშვიდობო ბატალიონის წევრი და სამხრეთ ოსეთის უშიშროების თანამშრომელი აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)