ლავროვი საქართველოს ნატოში მისწრაფებაზე საუბრობს
თუ საქართველოს ნატოში მისწრაფება უკავშირდება თბილისის სურვილს ალიანსის გამოყენებით ”ძალისმიერად” მოაგვაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, ეს ”ძალიან საშიში თამაშია,” განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
”თქვენ იცით, რომ აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთი იმაზე არც კი ფიქრობენ, რომ ნატო საქართველოში შემოაბიჯებს,”- განაცხადა მან, ” ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხში ცეცხლთან თამაში დაუშვებელია და ყველა იმ ადამიანების ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, ვინც ამ რეგიონში ცხოვრობს”.
ადრე მოსკოვმა განაცხადა, რომ თბილისმა მხედველობაში უნდა მიიღოს სოხუმის და ცხინვალის გაფრთხილება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებით ამ ტერიტორიებს სამუდამოდ დაკარგავს.
თუმცა თბილისში აცხადებენ, რომ თუ ნატო ბუქარესტის სამიტზე არ მიანიჭებს საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ამით წააქეზებს რუსეთს, რაც თავის მხრივ კონფლიქტების გამწვავებას გამოიწვევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)