საქართველოს ხელისუფლება მიესალმება პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ პოლონეთის პრეზიდენტის  ლეხ კაჩინსკის განცხადებას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ ”ძალიან ღირსეული” უწოდა.


”მე ვფიქრობ, ეს არის ღირსეული სახელმწიფოს ღირსეული პასუხი იმ ენით, რომლითაც რუსეთი თავს უფლებას აძლევს ესაუბროს ევროპას,” – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს 10 აპრილს, ”ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ განცხადებას და ამ პოზიციას. ეს ნიშნავს, რომ პოლონეთი საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნის რისკადაც კი დგას საქართველოს გვერდზე. დღევანდელ ევროპაში, მიუხედავად სკეპტიკოსებისა, საქართველო არ არის მარტო. ასეთ მეგობრებთან ერთად ჩვენ ნამდვილად გავიმარჯვებთ”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას.


”მინდა მადლობა ვუთხრა პარლამენტის, საქართველოს მოსახლეობის სახელით პოლონეთის პრეზიდენტს და ყველა იმ ჩვენ მეგობარს, რომელიც ძალიან აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”მე დარწმუნებული ვარ ამ განცხადებას გამოეხმაურებიან ჩვენი ძალიან დიდი მეგობრები, განსაკუთრებით ახალი დემოკრატიის სახელმწიფოები და ასევე რეაგირების გარეშე არ დატოვებენ სხვა სახელმწიფოებიც”.  


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)