სოხუმი პუტინის გადაწყვეტილებას ”გარღვევად” აფასებს
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება ლეგალიზება მოახდინოს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ურთიერთობების არის ”გარღვევა” სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად, აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.
”ეს ორივე მხარის რუდუნებით მუშაობის შედეგია – აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობის,”- იუწყება ”აფსნიპრესი” 16 აპრილს შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.
შამბამ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც 2003 წლიდან აფხაზეთის მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის შედეგი.
”კოსოვოს შემდეგ, რუსეთმა უფრო გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო თავისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ,”- განაცხადა შამბამ, ”ფაქტიურად რჩება უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმა ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების გზაზე. აღიარება გრძელი პროცესია, თუმცა კოსოვოს პრეცედენტი აჩქარებს მას”.
რუსეთის საგარეო უწყების 16 აპრილის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის მთავრობას და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალური ურთიერთობები დაამყარონ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შესაბამის ორგანოებთან, ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვის მოტივით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი ”არ ნიშნავს, რომ რუსეთი არჩევანს საქართველოსთან კონფრონტაციის სასარგებლოდ აკეთებს”.
ოფიციალურ თბილისს კრემლის გადაწყვეტილებაზე ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)