ეუთოს თავმჯდომარე შეშფოთებულია რუსეთის გადაწყვეტილების გამო

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტაბმა 17 აპრილს ”შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების გამო ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დე ფაქტო ხელისუფლებებთან”.  


”მოვუწოდებ ყველა მონაწილე მხარეს თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა ისედაც დაძაბული ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინონ. მოვუწოდებს მხარეებს მოძებნონ ნდობის აღდგენის გზები და შეეცადონ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზები იპოვონ. ეუთო და მისი მისია საქართველოში მზად არიან ხელი შეუწყონ სამშვიდობო პროცესს,” – განაცხადა მან.


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე საუბრისას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარდაჭერა გამოხატა მოლაპარაკებების არსებული მექანიზმების მიმართ და ”სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მათი გამოყენება სრულად არ ხდება,” იტყობინება ეუთოს პრესსამსახური.


”მოვუწოდებ ქართული-ოსური კონფლიქტის მხარეებს დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას მხარეების მიერ შეთანხმებულ ფორმატში,” – განაცხადა მან.


საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტრლო კომისიის ფორმატში მუშაობის გაგრძელებას და სურს ეს მექანიზმი ჩაანაცვლოს 2+2+2 ფორმულით, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. მოსკოვი და ცხინვალი ამ წინადადების წინააღმდეგ არიან. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)