ქართული უპილოტო თვითმფრინავი აფხაზებმა არასანქცირებული ფრენის გამო ჩამოადგეს – მოსკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული მზვერავი თვითმფრინავი აფხაზურმა მხარემ 20 აპრილს უსაფრთხოების ზონაში არასანქცირებული ფრენის გამო ჩამოაგდო.


მოსკოვმა  ქართული მხარე ძალთა დაშორიშორების და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების და გაეროს 15 აპრილის რეზოლუციის დარღვევაში დაადანაშაულა. ეს უკანასკნელი ამბობს, რომ მხარეებმა არ უნდა დაუშვან შეზღუდული შეიარაღებისა და უსაფრთხოების ზონაში არასანქცირებული სამხედრო მოქმედებები.


”რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზური ხელისუფლების მონაცემების თანახმად, ქართული მზვერავი თვითმფრინავი უსაფრთხოების ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა, გადაუფრინა მას აფხაზეთის ტერიტორიის სივრცეში შესვლით, შემოტრიალდა ქალაქ ოჩამჩირეში და პორტთან და კვლავ ისევე უსაფრთხოების ზონის გავლით შეეცადა საქართველოში დაბრუნებას,”- აცხადებს 22 აპრილს რუსეთი საგარეო უწყება, ”20 აპრილის 9:50 საათზე ის აფხაზეთის ჰაერსაწინააღმდეგო  თავდაცვამ ჩამოაგდო გალიდან სამხრეთ-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით. ნამსხვრევების ნაწილი სანაპიროზე დაეცა, ნაწილი კი- ზღვაში. ნიშანდობლივია, რომ გაეროს მისიამ ფრენის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იმავე დღის საღამოს, დაახლოებით, 19 საათზე მიიღო და, რა თქმა უნდა, არ შეეძლო წინასწარ ეცნობებინა აფხაზური მხარისთვის. ასე რომ, ეს ფრენა არის არასანქცირებული სამხედრო ქმედება”.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ისრაელის კომპანია Elbit Systems-ის წარმოებული საშუალო ზომის უპილოტო თვითმფრინავი ასევე გამოიყენება ცეცხლის კორექტირებისათვის. ჩამოგდებული თვითმფრინავის ნაწილები გაეროს მისიისა და რუსი სამშვიდობოების თანდასწრებით მედიას 21 აპრილს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე წარუდგინეს.


”მათზე არის ისრაელის კომპანია ”ელბითის” წარმოებული საფრენი აპარატის ”ჰერმეს 450”-ის სერიული ნომერი  – 553. ანალოგიური მზვერავი თვითმფრინავის სერიული ნომერი, რომელიც 18 მარტს ოჩამჩირის რაიონში იქნა ჩამოგდებული – 551-ია,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და დასძენს: ”ვვარაუდობთ, რომ მოყვანილი ფაქტები თავისთავად მეტყველებენ”.

აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ 18 მარტს ასევე ჩამოადგო ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი, რაც თბილისმა კატეგორიულად უარყო.


ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ მისი მზვერავი თვითმფრინავი, რომლის ჩამოგდების ფაქტიც ქართულმა მხარემ 21 აპრილს აღიარა, რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა MIG-29-მ 20 აპრილს ჩამოაგდო, რომელიც ქართული სარადარო მონაცემების თანახმად, გუდაუთის აეროდრომიდან 09:48 საათზე აფრინდა და ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსეთის საჰაერო სივრცეში 10:06 საათზე შეფრინდა.  თბილისმა უპილოტო თვითმფრინავზე დამონტაჟებული კამერით მის ჩამოგდებამდე გადაღებული ვიდეო-მასალა წარმოადგინა მტკიცებულებად.


”მიუხედავად ვიდეო ჩანაწერისა, რადარის ინფორმაციისა და თვითმხილველთა ჩვენებებისა, რომ აგრესიის აქტი განახორციელა რუსულმა გამანადგურებელმა (გუდაუთის აეროდრომზე გამანადგურებლის არსებობა წარმოადგენს ეუთოს 1999 წლის სტამბოლის ვალდებულებების პირდაპირ დარღვევას), სეპარატისტთა ლიდერები ცდილობენ თვითონ დაიბრალონ ამ აგრესიის აქტის განხორციელება,”- აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება, ”ამგვარი ქმედება იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების 1994 წლის შეთანხმების უხეში დარღვევა”.

საქართველოს ხელისუფლებამ ინციდენტი დაგმო, როგორც ”აგრესიის აქტი”, რომელიც რუსეთის სხვა ბოლო დროინდელ ნაბიჯებთან ერთად ”მიმართულია საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ანექსიისკენ”.


იმავდროულად, საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს სეპარატისტული რეჟიმების სამხედრო მხარდაჭერა; დაუყონებლივ გამოიწვიოს პრეზიდენტ პუტინის 2008 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება , რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს; და 1996 წლის დსთ-ს გადაწყვეტილებისა და სხვა საერთაშორისო გადაწყვეტილებების ფარგლებში დაბრუნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)