რუს სამშვიდობოთა გაზრდა დესტაბილიზაციას გამოიწვევს – გურგენიძე
რუსეთის მხარე აპირებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტიგენტი 3 ათას სამხედრომდე გაზარდოს და უკვე დაწყებულია დამატებითი სამხედრო ტექნიკის შემოყვანის პროცესი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
უშიშროების საბჭოს სხდომა მას შემდეგ მოიწვიეს, რაც რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა 29 აპრილს განაცხადეს, რომ მოსკოვი ზრდის სამშვიდობო კონტიგენტს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობოების წინააღმდეგ ქართული მხარის ”პროვოკაციული ქმედებების” და კონფლიქტის ზონაში დამატებითი ქართული ძალების განთავსების გამო. თუმცა მათ არ დააკონკრეტეს რამდენით აპირებენ სამშვიდობოთა რაოდენობის გაზრდას.
”ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, ვთვლით მას განსაკუთრებით უპასუხისმგებლო ნაბიჯად იმ კონტექსტში, რაც ხდება ბოლო დღეების მანძილზე,”- განუცხადა გურგენიძემ ჟურნალისტებს, ” ვთვლით, რომ თუკი მათ ეს ნაბიჯი გადადგეს, ეს გამოიწვევს დესტაბილიზაციას ამ რეგიონში და განვიხილავთ, შესაბამისად, ამიერიდან ყველა შემოსულ ჯარისკაცს თუ სამხედრო ტექნიკის ერთეულს, თუნდაც ამ 3000 ჯარისკაცის ფარგლებში, როგორც უკანონოს, როგორც პოტენციურ აგრესორს, როგორც დესტაბილიზაციის პოტენციურ გამომწვევს”.
”ჩვენი ბოლო ცნობებით პროცესი უკვე დაწყებულია, ბტრ-ები უკვე შემოსულია, გადაკვეთილი აქვთ მათ საზღვარი ფსოუზე”- დასძინა მან.
სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა რუსეთი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან კონტიგენტის გაზრდა ქართულ მხარესთან უნდა შეათანხმოს.
”ჩვენთვის ცნობის გამოგზავნა, რომ ამას ვაკეთებთ, არ არის შეთანხმება, ამდენად არის უკანონო,”- განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს, ”ამ ეტაპზე, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თავის სიტყვას იტყვის და არა მარტო სიტყვას იტყვის, არამედ განახორციელებს კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც ხელს შეუშლის რუსებს განახორციელონ ასეთი ზრახვები და მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ არის დარჩენილი იმის საშუალება, რომ ყველაფერი გადაიჭრას მშვიდობიანი გზით. რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ”ჯერ კიდევ” შეამციროს, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ომის თავიდან აცილებას”.
იმავდროულად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა: ”საქართველოს შეიარაღებული ძალები იმყოფება სრულ მზადყოფნაში იმისათვის, რომ შესაძლო სამხედრო ინტერვენცია მოიგერიოს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)