ბურჯანაძე რუსეთს ”კონფრონტაციული გზის” არჩევის გამო აკრიტიკებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 30 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობებში ”კონფრონტაციული გზა” აირჩია.
”ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა ასეთი კონფრონტაციული გზა აირჩია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი გზა არ არის არც რუსეთთან და არც რომელიმე სხვა ქვეყანასთან კონფრონტაციის გზა. მაგრამ ბუნებრივია არაკონფრონტაციული ეს გზა შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატივი ეცემა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ელემენტარულ საერთაშორისო სამართლის ნორმებს,” – განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 30 აპრილს.
”ის, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, ვერანაირ ლოგიკურ ახსნას ვერ ექვემდებარება. ეს არის გამოწვევა რუსეთის მხრიდან არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის. როდესაც ეუთო, გაერო, ნატო, ევროკავშირი, ცალკეული სახელმწიფოები რუსეთს მოუწოდებენ შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები, რუსეთი დღეში ხუთ განცხადებას აკეთებს, რომ კიდევ უფრო გაართულოს ვითარება,” – განაცხადა მან.
ბურჯანაძემ ასევე გააკეთა კომენტარი პრეზიდენტ სააკაშვილის წინადადებაზე აფხაზი და ოსი ხალხების მიმართ ქვეყნის ერთობლივად მშენებლობასთან დაკავშირებით. სეპარატისტმა ლიდერებმა უკვე უარყვეს ეს წინადადება.
”მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აფხაზი და ოსი ხალხი ძალიან კარგად ხვდება რა არის ამ ორი ერის რეალური ინტერესი და ეს ინტერესი ნამდვილად განსხვავდება იმ ლიდერების ინტერესებისგან, რომლებიც მხოლოდ რუსეთის კარნახით საუბრობენ,” – განაცხადა ბურჯანაძემ, ”რუსეთის ინტერესი არ ემთხვევა აფხაზების და ოსების ინტერესებს. რუსეთს აინტერესებს ეს ტერიტორიები და სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთს აღელვებს აფხაზების და ოსების ბედი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)