სააკაშვილი ნოემბრის მოვლენების მიზეზებს თავისებურად ხსნის

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბრის მოვლენები იყო კანონის უზენაესობის დამყარებისკენ მიმართული ხელისუფლების პოლიტიკის არასწორი ინტერპრეტაციის და ”საზოგადოების გაჭირვების გამოყენების” შედეგი.

3 მაისს თბილისში ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გამოსვლისას, სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა აფხაზეთთან მიმართებაში დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაცია მართალი იყო, როდესაც ის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ გამოდიოდა.

”რაზე ატყდა შარშან მთელი ამბავი ნოემბერში?,” – იკითხა მან და განაგრძო, ”შარშან გამოიყენეს საზოგადოების გაჭირვება. ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოში ცხოვრების წესი მთლიანდ შეიცვლებოდა და ეს დავის საბაბი გახდა. ქრათამის აღება ქართული ტრადიცია არ არის. ფეოდალიზმი საქართველოს ყველაზე დიდი მტერი იყო, მაგრამ დავით აღმაშენებლმა ფეოდალების მიერ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ტრადიცია აღმოფხვრა. არც კორუფია, არც გაუტანლობა და არც ერთმანეთის ქიშპობა არ არის ქართული ტრადიცია. სწორედ გარე ძალა ამკვიდრებს ჩვენში ცხოვრების ასეთ წესს, რომელიც დაფუძნებულია პრინციპზე – გათიშე და იბატონე. ჩვენთვის მთავარი იყო ერთი რამ – არავის აღარ აეღო ქრთამი. ჩვენ ვთქვით, რომ მოძრაობის წესების დამრღვევს, როგორი ჯიპისა და მერსედესის მძღოლიც არ უნდა ყოფილიყო ის, პატრული გააჩერებდა და დააჯარიმებდა კიდეც. ამ ფაქტს ზოგიერთმა აღშფოთებულმა ძალადობა უწოდა”. 

”ასევე ვთქვით, რომ ნარკოტიკების გამსაღებელს დააპატიმრებენ, მას ვერც ტელეფონის ზარი გადაარჩენს და ვერც ვინმეს ”პატივისცემა”, რადგან ის, ფაქტობრივად, ათასობით თანამოქალაქის მკვლელია. დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ზოგიერთი ასეთი ადამიანის დაკავებასაც ძალადობას უწოდებს,” – განაცხადა სააკაშვილმა. 

”ჩვენ ვთქვით, რომ ქათმის ქურდიც ქურდია, რადგან ის ქათამი და ძროხა, რომელიც გლეხს მოპარეს, შეიძლება ერთადერთი რამ არის, რითაც ოჯახი თავს ირჩენს. ამით ბევრ ოჯახს არსებობის საშუალებას ართმევ და შიმშილით სიკვდილისათვის სწირავ. ქათმის ქურდის დაჭერას ის ხალხი ეწინააღმდეგება, რომელიც თბილისში ცხოვრობს და ხუთი ან ათი ათასი აქვს შემოსავალი, მათთვის ამის თქმა ადვილია,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

”იმასაც ამბობენ, რომ საქართველოში არის ძალადობა. რეალურად, ბოლო სამი წლის განმავლობაში ძალადობის ფაქტები სამჯერ შემცირდა. ამას ერთობლივად მივაღწიეთ. ყაჩაღებს და ბანდიტებს ბოლომდე ამოვძირკვავთ. ჩვენსა და ზოგიერთებს შორის დიდი განსხვავებაა – ჩვენ ვაპატიმრებთ დამნაშავეებს, ისინი კი ამბობენ, რომ ყველას გამოვუშვებთო”.

”მეც ვღებულობ წერილებს ასეთი შინაარსით: გამოუშვით ესა და ის ადამიანი ციხიდან და მთელი სოფლის ხმებს თქვენ მოგცემთ. პრინციპები ფულზე არ იყიდება.

ჩვენ სახელმწიფო ვართ და საკუთარ უსაფრთხოებას არაფერზე არ გავცვლით. კომპრომისზე წასვლა საკუთარი თავის ხარჯზე შეიძლება და არა საზოგადოების კეთილდღეობის ხარჯზე. მსგავს კომპრომისზე არასდროს წავსულვართ და მომავალშიც ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ,” – დასძინა სააკაშვილმა. 

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე გაიხსენა ის დებატები, რომელთაც გასულ წელს ჰქონდა ადგილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით . არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო გასული წლის საპროტესტო აქციების დროს. ხელისუფლება ამის წინააღმდეგ გამოდიოდა იმ მოტივით, რომ არ უნდოდა არჩევნები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს და კოსოვოს სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას დამთხვეოდა. საქართველოს ხელისუფლების პროგნოზით, გაზაფხულზე საქართველოს კონფლიქტის ზონებში დაძაბულობა იყო მოსალოდნელი. საბოლოოდ, არჩევნების თარიღი ქვეყანაში ჩატარებული პლებისციტით დადგინდა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად.

”გეკითხებით, ვინ აღმოჩნდა მართალი – ის, ვინც ამბობდა, რომ ამის გამო შევქმნათ კრიზისი, თუ ჩვენ, რომლებიც ვაფრთხილებდით, რომ ყოველივე ეს საქართველოს ცუდად შემოუბრუნდებოდა? ეს ის შემთხვევაა, როდესაც დრო მთავარი მსაჯულია,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე ნათლად აღნიშნა, რომ საქართველო ჩაატარებს არჩევნებს, როგორც ეს ხალხმა გადაწყვიტა და დასძინა: ”ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს გაზაფხულზე!”