ლავროვი უარყოფს აფხაზეთზე სამხედრო კონტროლის დამყარების გეგმებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიის რუსეთის სამხედრო კონტროლქვეშ მოქცევის გეგმები არ არსებობს, იუწყება ”რია ნოვოსტი” 6 მაისს.


”არავითარი წინადადებები ამის შესახებ არ შემოსულა, არა მგონია, რომ ამაზე საერთოდ საუბარი მიდიოდეს,”- განუცხადა ჟურნალისტებს ლავროვმა.


მან ეს კომენტარი თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებაზე გააკეთა.

გაზეთ ”იზვესტიაში” დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში შამბა აცხადებს, რომ სოხუმი მზადაა დაუქვემდებაროს აფხაზეთი რუსეთის სამხედრო კონტროლს.


”ჩვენ ვთავაზობთ ძალიან ფართე სამხედრო თანამშრომლობას რუსეთთან,”- აცხადებს შამბა, ”ჩვენ მზად ვართ, რომ რუსეთმა აიღოს მთელი ეს ტერიტორია სამხედრო კონტროლზე, თუმცა სანაცვლოდ ვითხოვთ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს”.


ეს განცხადება შამბამ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის და აფხაზეთის ირგვლივ არსებული დაძაბულობის კონტექტსში გააკეთა. მისი თქმით, თბილისი შეეცდება ”სამხედრო შანტაჟის” გზით სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას.


”მე გამიგია ის მოსაზრებაც, რომ ოლიმპიადის წინ რუსეთმა უბრალოდ უნდა მისცეს აფხაზეთი საქართველოს და მაშინ სამხედრო კონფლიქტები არ იქნება, მაგრამ ჩვენ რა რამე საგანი ვართ? ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის უკანასკნელ აფხაზამდე ვიბრძოლებთ”- აცხადებს შამბა, ”არის კიდევ ერთი აზრი, რომ მოხდეს პრობლემის გადაწყვეტის გაყინვა ოლიმპიადის დასრულებამდე. თუმცა ეს გამოსავალი არ არის. ომის მაინც იქნება”.


შამბას მოსაზრებით, შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის დე იურე აღიარებაა.


იმავდროულად, შამბა აცხადებს, რომ აფხაზეთი არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, რადგან ”ჯერ ამის საჭიროება არ არის”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)