ჩვენ არ გვჭირდება აფხაზეთი აფხაზების გარეშე – ბაღაფში
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დაავალა თვითგამოცხადებული რეგიონის მთავრობას შეიმუშავოს დეტალური გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ხელისუფლება ეთნიკური აფხაზების რეპატრიაციას.
”ჩვენ არ გვჭირდება აფხაზეთი აფხაზების გარეშე,” – განაცხადა მან აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე 6 მაისს.
”აფსნიპრესის” ცნობით, ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლების და აფხაზური ინტელიგენციის წარმომადგენელთა უამრავი ვიზიტი თურქეთში ვერ დასრულდა ეთნიკური აფხაზების ”მასობრივი რეპატრიაციით”.
ათობით ათასი მუსულმანი აფხაზი გადასახლდა ოსმალეთის იმპერიაში კავკასიის მუსულმანთა იმ ერთიანი მიგრაციის პროცესის ფარგლებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-19 საუკუნეში. სწორედ ამ ადამიანების შთამომავლების რეპატრიაცია გახდა აფხაზეთის ხელისუფლების ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი. ბაღაფშმა 2005 წელს აფხაზეთში არსებულ დემოგრაფიულ სიტუაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონში 70 ათასზე ნაკლები ეთნიკური აფხაზი ცხოვრობდა.
”აფსნიპრესის” ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა შეხვედრაზე, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე აფხაზეთში 2 063 ეთნიკური აფხაზი გადავიდა საცხოვრებლად, მათ შორის 379 თურქეთიდან და 176 აჭარიდან.
სერგეი ბაღაფშმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის გარშემო არსებული არასტაბილური სიტუაცია, მათ შორის ”საქართველოდან მომავალი ომის მუდმივი საფრთხე” შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს რეპატრიაციის პროცესში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)