სააკაშვილი ქუთაისის ”მეორე დედაქალაქად” გადაქცევას აპირებს

რამდენიმე სახელმწიფო უწყება თბილისიდან ქუთაისში გადავა, ქვეყნის მეორე უდიდესი ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმის ფარგლებში, განუცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს 7 მაისს.


სააკაშვილმა ამის შესახებ ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სხდომას მთავრობის წევრები და გუბერნატორები ესწრებოდნენ. სხდომის 30-წუთიანი მონაკვეთი ”რუსთავი 2”-მა, ”მზემ” და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში გადასცეს.


სააკაშვილმა მთავრობას დაავალა, რომ დაიწყოს საქართველოს კონტროლის პალატის, საგზაო დეპარტამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ქუთაისში გადატანის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება.


ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების დედაქალაქიდან რეგიონებში გადატანის პირველი პრეცედენტი იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც 2006 წლის სექტემბრიდან ბათუმში იქნა გადატანილი


”ამ უწყებებში უნდა დასაქმდნენ, თითქმის, ექსკლუზიურად ქუთაისელები,”-  განაცხადა პრეზიდენტმა, ”მე დავპირდი ქუთაისელებს, რომ ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქად გადაიქცევა”.


სააკაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ქუთაისის განვითარების ”100-დღიანი სამოქმედო გეგმის” ნაწილი, რომელიც ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო პროექტებს, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეკონსტრუქციის პირველ ეტაპს და წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების გეგმას – ეს პრობლემა ქუთაისს უკვე წლების განმავლობაში აწუხებს.


”ჩემი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს ქუთაისში 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა იყოს. მოგმართავთ, რომ ყველა რესურსი მიმართოთ ამ ამოცანის შესასრულებლად,” – მიმართა სააკაშვილმა მთავრობის წევრებს.


პრეზიდენტმა ასევე დაავალა მთავრობას ორგანიზაცია გაუკეთოს ”საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციის” ჩატარებას ქუთაიში, რაც საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს გაეცნონ ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალს. 


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობას ასევე გააჩნია ”50-თვიანი სამოქმედო გეგმა” მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მიზნად ისახავს ”100%-იან დასაქმებას” ძირითად ქალაქებში – ქუთაისი რუსთავი, ბათუმი, ფოთი და ”100%-იან გაზიფიკაციას და წყალმომარაგებას” სოფლებში. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)