საქართველოს თავდაცვის უწყება რუს კოლეგებს პასუხობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოთა რაოდენობა განკუთვნილ კვოტას უკვე აჭარბებს და მათი კიდევ გაზრდის მცდელობა ”შესაბამისად” იქნება შეფასებული თბილისის და საერთაშორისო საზოგადოების მიერ.


”მათ უკვე გადაჭარბებული აქვთ, სამწუხაროდ იმ რაოდენობაზე, რომელიც მათ ეკუთვნოდათ და კვოტისთვის კარგი ხნის წინ. ასე, რომ ნებისმიერი დამატებით შემოყვანილი ჯარისკაცი იქნება კიდევ უფრო გადაჭარბება ამაზე,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს დავით კეზერაშვილმა, ”თუმცა ჩვენ ბოლო დროს რუსეთის მხრიდან იმდენად გიჟური ნაბიჯები ვიხილეთ, რომ არც ეგ იქნება გასაკვირი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ისე, როგორც საქართველო ამას მისცემს შესაბამის შეფასებას”.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 მაისს გააფრთხილა, რომ კიდევ გაზრდის სამშვიდობო კონტიგენტს აფხაზეთში, თუ თბილისი განაგრძობს საჯაროსო შენაერთების კონცენტრირებას კონფლიქტის ზონაში. რუსეთის თავდაცვის უწყებამ ასევე განმარტა, რომ რუსული კონტიგენტი 29 აპრილის გადაწყვეტილებით 545 სამხედრო მოსამსახურით გაზარდა და შედეგად, დღეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 2542 რუსი სამშვიდობო იმყოფება. 1994 წლის შეთანხმების მიხედვით, სამშვიდობოთა რაოდენობა კონფლიქტის ზონაში 2 500-3000 მოსამსახურეს არ უნდა აღემატებოდეს.


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ 8 მაისს იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება თბილისთან შეუთანხმებლად  კონტიგენტის  კიდევ უფრო გაზრდის თაობაზე ”არასწორ ნაბიჯს” არ გადადგამს, ”წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და განხილული იქნება როგორც აგრესიული აქტი და როგორც პროვოცირება შემდგომი ესკალაციის სიტუაციის”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)