ოპოზიციურმა ბლოკმა არჩევნების წინ აქცია გამართა
ოპოზიციის მხარდამჭერებმა აქციის მრავალრიცხოვნობის გამო 26 მაისის მოედანი დაიკავეს, საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათით შეწყდა.
|
ცხრა პარტიის ოპოზიციური კოალიციის მიერ 18 მაისს სპორტის სასახლის წინ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
”ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას 21 მაისს და პოლიტიკური ტერორი დასრულდება; ჩვენ დავდასრულებთ სააკაშვილის რეჟიმს და დავიწყებთ საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას,” – განაცხადა კოალიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ აქციაზე, ”ეს არის ბრძოლა თითოეული პენსიონერისთვის, მასწავლებლისთვის, ექიმისთვის, ომის ვეტერანისთვის; ბრძოლა ქართული კულტურისთვის, ქართული მეცნიერებისთვის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის”.
”მოგიწოდებთ შევიკრიბოთ აქ 21 მაისს საღამოს 11 საათზე და ჩვენ გამოვაცხადებთ არჩევნების რეალურ შედეგებს. თუ ისინი [ხელისუფლება] ნებაყოფლობით არ გამოაცხადებენ რეალურ შედეგებს, ჩვენ ვაიძულებთ, რომ ეს გააკეთონ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული პოლიცია და ქართული არმია დადგება იქ, სადაც ქართველი ხალხი დგას”.
თავის გამოსვლაში გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა, რომ მას უნდა მიმართოს ”არა-ქართულ მოსახლეობას”. ”მინდა მივმართო აფხაზებს, ოსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს და სხვა ჩვენ მოქალაქეებს,” – განაცხადა მან, ”მე ისინი ისევე მიყვარს, როგორც ჩემი ქართველები. ჩვენ ერთად უნდა ავაშენთ ქართული სახელმწიფო. აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, მეგობრობის და სიყვარულის გზით”.
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა აქციაზე: ”ცხრა ოპოზიციური პარტიის გაერთიანების მიზანია ”სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დასრულება”.
”ზოგიერთს აინტერესებს რა მოხდება გაერთიანებული ოპოზიცია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში; მე გეტყვით რა მოხდება: ძალადობა და უსამართლობა დამთავრდება და ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა,”- განაცხადა გამყრელიძემ.
ოპოზიციის ლიდერებმა ასევე პირობა დადეს, რომ დაიცავენ ამომრჩეველთა ხმებს და არ მისცემენ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას
სპორტის სასახლესთან გამართული აქციის შემდეგ, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისკენ გადაინაცვლეს და მოგვიანებით დაიშალნენ.
ამასობაში, 18 მაისს ბლოკმა ტრადიციონალისტები-ჩვენი საქართველო-ქალთა პარტია ოპოზიციური კოალიციის სასარგებლოდ თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოხსნა თბილისის სამ ერთმანდატიან ოლქში – ვაკე (ირმა ჯანგირაშვილი), საბურთალო (ლია მუხაშავრია) და ჩუღურეთი (გუგული მაღრაძე).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)