გურგენიძემ ოპოზიციის პროტესტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისა და ახალი პარლამენტის შეკრებისთვის ხელის შეშლის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ასეთი პროცესები არავის არ აძლევს ქვეყანაში ხელს, გარდა ”ჩვენი არაკეთილმოსურნეებისა”.
”მითუმეტეს, ახლა, როდესაც ქვეყანას აქვს ბევრი გამოწვევა და ეს გამოწვევები სერიოზულია,” – განუცხადა ლადო გურგენიძემ ჟურნალისტებს 26 მაისს, ”რაც უფრო ახლოს მიდის საქართველო თავის ევრო-ატლანტიკურ ნავსაყუდელთან, მით უფრო მატულობს ეს გამოწვევები. ეს კანონზომიერი პროცესია. ჩვენი არაკეთილმოსურნეები, ბუნებრივია, ყველა ღონეს იხმარენ, რომ საბოლოო მიზანს ჩვენ ვერ მივაღწიოთ, თუმცა მივაღწევთ, მივაღწევთ ერთად, მივაღწევთ მთელი ერის კონსოლიდაციით”.
26 მაისს პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ ”არალეგიტიმური” პარლამენტის შეკრებას და სანაცვლოდ ოპოზიციური პარტიებისაგან დაკომპლექტებულ ალტერნატიულ პარლამენტს შექმნიან, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)