საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარე გადადგა

ერეკლე ტრიპოლსკი, რომელიც ოთხი წლის წინ მეცხრე არხის დირექტორად მუშაობდა,  საზოგადოებრივ მაუწყებელში დანიშვნიდან სამი თვის შემდეგ გადადგა. 
ფოტო: ინტერპრესნიუსი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი თანამდებობიდან გუშინ გვიან ღამით გადადგა იმის გამო, რომ მისი თქმით, არხი ტენდენციურად აშუქებდა მოვლენებს.

”მე გუშინ გვიან ღამით მივიღე ეს გადაწყვეტილება და ამის შესახებ ვაცნობე სამეურვეო საბჭოს დანარჩენ წევრებს,”- განუცხადა Civil.ge-ს ტრიპოლსკიმ, ”კანონში წერია, რომ არხი უნდა იყოს ობიექტური და მე ძალა არ შემწევდა ამის უზრუნველყოფისთვის”. 

მისი თქმით, მის გადაწყვეტილებას ბიძგი მისცა იმან, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არასათანადო ყურადღება დაუთმო 26 მაისს ოპოზიციის ფართომასშტაბიანი აქციის გაშუქებას. 

ერეკლე ტრიპოლსკი 9-წევრიანი სამეურვეო საბჭოს წევრად ოპოზიციის წარდგინებით თებერვალში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებასა და ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ შეთანხმება შედგა.

გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც ტრიპოლსკის გადაწყვეტილებამდე ჩაიწერა, ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა: ”მე და საბჭოს რამდენიმე წევრი ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გუშინ ტენდენციური იყო. ჩემთვის, 50-წამიანი სიუჟეტებით გაშუქებული მიტინგი ნამდვილად აღმაშფოთებელი გახლდათ. ვერც ერთი ადამიანი, რომელსაც მოვლენის შესახებ სხვა წყაროებიდან ინფორმაცია არ ჰქონდა, მაუწყებლის მიერ გაშუქებული კადრებით ვერ მიხვდებოდა რა ხდებოდა ქვეყანაში”.  

ამასობაში ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელიც ახლა რვა პარტიას აერთიანებს, 27 მაისს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ საპროტესტო აქცია გამართა ტელეკომპანიის მიერ ინფორმაციის მიკერძოებული გაშუქების გამო.   

აქციაზე გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი, მათ შორის გიორგი ხაინდრავა, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად ძიძიგური და დავით საგანელიძე მაუწყებლის შენობაში შევიდნენ და გენერალური დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი ხელისუფლების დირექტივების შესრულებაში დაადანაშაულეს. 

”მინდა გითხრათ, რომ კინწურაშვილი [საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი] აქედან გაუშვა ხალხმა იმიტომ, რომ არაობიექტურად აშუქებდა და იყო სააკაშვილის ტელევიზია; თუმცა ამით არაფერი არ შეცვლილა,” – განუცხადა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორული პარტიიდან ყუბანეიშვილს, ”მთელი წინასაარჩევნო კამპანია თქვენ მუშაობდით სააკაშვილზე, თქვენს უფროსზე და მთელი ტელევიზია ასეთ რეჟიმში მუშაობს. გუშინდელი დღე იყო წერტილის დასმა იმაზე, რომ თქვენ აღარ ხართ საზოგადოებრივი მაუწყებელი”.

”ძალიან გთხოვთ ასეთი ფორმით ნუ საუბრობთ და თუ შეიძლება ემოციების გარეშე,” – განაცხადა ყუბანეიშვილმა. მან ასევე უთხრა ოპოზიციის ლიდერებს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჯამში 39 წუთი დაუთმო ოპოზიციის საპროტესტო აქციას. საზოგადოებრივი მაუწყებელი საათში ერთხელ საინფორმაციო გადაცემებს უშვებს, ხოლო საღამოს 8 საათზე მთავარი საინფორმაციო გადაცემა აქვს.

ყუბანეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ”სასაცილოა” ის განცხადებები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიკერძოებულია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეჭრა და ტელეკომპანიის მიკერძოებაში დადანაშაულება არის ”ტიპიური ზეწოლა საზოგადოებრივ ტელევიზიაზე, ზეწოლა მედიაზე”.

ტელეკომპანიის შენობაში შესვლამდე ოპოზიციის ლიდერებმა შენობის წინ მცირემასშტაბიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართეს.

”ეს იყო სრული უსინდისობა, რასაც აკეთებდა ქართული მასმედია წინასაარჩევნო პერიოდში, ამიტომ არჩევნები ბოლო დღეს მარტო არ ყალბდება, არჩევნების გაყალბებაში სერიოზული როლი ითამაშა მედიამ, რომელიც არის არა დამოუკიდებელი და არის ხელისუფლების დაქვემდებარების ქვეშ,” – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა, ”მათ შორის უნდა გამოიყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც სრულიად არასწორად ჰქვია საზოგადოებრივი მაუწყებელი. ის ამ სამი თვის განმავლობაში მუშაობდა, როგორც სააკაშვილის მაუწყებელი”.

”ის, რაც გუშინ მოხდა თბილისში, უცნობია მაყურებლებისთვის რეგიონებში, რადგანაც ერთადერთი ტელევიზია, რომელიც ყველაფერს გადასცემდა, იყო ”კავკასია” და თქვენ ყველამ იცით, რომ ”კავკასია” მხოლოდ თბილისს ფარავს,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ოპოზიციის ლიდერებმა ასევე მოითხოვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადადგომა და სულ ცოტა ერთი საათის პირდაპირი საეთერო დროის გამოყოფა ოპოზიციის ლიდერებისთვის.

ოპოზიცია ასევე მიესალმა ერეკლე ტრიპოლსკის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ.

”ჩემი აზრით, აბსოლუტურად წესიერი და პატიოსანი კაცი, გუშინდელი უზნეობის შემდეგ ირაკლი ტრიპოლსკი გადადგა თავის თანამდებობიდან. ეს არის ნიშნანი იმისა, რომ ამ ტელევიზიაში დაწესდა და დადგინდა სახელმწიფო დიქტატი და სახელმწიფო მმართველობა,” – განაცხადა ოპოზიციური კოალიციის დამოუკიდებელმა წევრმა გია თორთლაძემ ტელევიზიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შესახებ თავის წინასწარ დასკვნებში განაცხადა, რომ ”მიუხედავად პლურალისტური მედია გარემოსი, მასმედიის საშუალებების უმეტესობა კვლავ რჩება მათი მფლობელების და პოლიტიკური მეპატრონეების ძლიერი გავლენის ქვეშ”.

”არსებითად, ყველა ძირითადი ტელეკომპანია [საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, მზე, აჭარა და კავკასია] გარკვეული გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რაც დაბრკოლებას უქმნიდა ყველა საარჩევნო სუბიექტის გაშუქებას არადისკრიმინაციული გზით, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. ამას შედეგად მოყვა ის, რომ კამპანიის გაშუქება არადაბალანსებული იყო ყველა ტელეკომპანიაში, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, და მმართველი პარტიის საქმიანობა თითქმის ყველა ტელეკომპანიაში ყველაზე მეტად გაშუქდა,” – ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, საარჩევნო კამპანიის ბოლო ექვსი კვირის მედია მონიტორინგის დროს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი საინფორმაციო გადაცემების თანაბარი დრო დაუთმო ოპოზიციურ კოალიციას (18%) და მმართველ პარტიას (17%).

”მაშინ როცა მმართველი პარტიის საქმიანობა ძირითადად დადებითად გაშუქდა, ოპოზიციური ბლოკის საქმიანობის გაშუქება ნეიტრალური იყო. თუმცა, უდიდესი წილი მოდის პრეზიდენტზე და მთავრობაზე (32% ერთად), რომელთა საქმიანობაც დადებითი ტონით გაშუქდა,” – ნათქვამია მოხსენებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)