ვანო მერაბიშვილი: ოპოზიცია მარგინალურია
ვანო მერაბიშვილი. ფოტო: კომერსანტი/დიმიტრი ლებედევი. |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, რაც არც თუ ხშირი მოვლენაა, განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნებში სასტიკი დამარცხების შემდეგ მარგინალური გახდა.
რუსულ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში, რომელიც 28 მაისს გამოქვეყნდა, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ”არაფრად არ ვარგა” და რომ მას რეიტინგი არ აქვს.
”მეტი რაღა დარჩენიათ?” უპასუხა მერაბიშვილმა კითხვაზე ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ.
”ჩვენს მიერ გატარებული რეფორმები ისეთი მტკივნეული აღმოჩნდა, რომ ხალხმა ეს ჯერ ვერ გადაიტანა. ჩვენ გადავაბრუნეთ ყველაფერი, როდესაც კორუფციას გავუმკლავდით… სახელმწიფო ბიუჯეტი 2003 წლის შემდეგ 14-ჯერ გაიზარდა. ეს ფული ვიღაცის ჯიბეში იდო. ჩვენ ამოვიღეთ და ბიუჯეტში ჩავდეთ. ეს ნიშნავს, რომ ბევრმა ხალხმა დაკარგა ფული. რა თქმა უნდა, ისინი იბრძოლებენ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ამის გამო საზოგადოება დაძაბულ მდგომარეობაშია,” – განაცხადა მან.
მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ორი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ მიაღწია მმართველმა პარტიამ გამარჯვებას 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. ”ჩვენ კარგი კამპანია ჩავატარეთ და ხალხი მიხვდა, რომ ოპოზიცია არაფრად არ ვარგა. რა შესთავაზეს მათ [ოპოზიციამ] ხალხს? არაფერი,” – განაცხადა მან.
”ერთადერთი პარტია, რომელმაც რაღაც შესთავაზა [ხალხს], ჩვენი პარტია იყო. ხუთი წლის მანძილზე ჩვენ გავზარდეთ პენსიები 4-5-ჯერ. ეს ნამდვილი საქმეა. ოპოზიციას არავითარი პროგრამა არ ჰქონდა და ისეთი დამარცხება განიცადა, რომ მარგინალური გახდა,”- აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციას ეგონა, რომ თავადაც შეძლებდა რევოლუციის მოწყობას, როგორც ეს 2003 წელს მოხდა. ”მაგრამ ისინი არაადეკვატურები არიან. მათ თავად არ ესმით, რომ არანაირი რეიტინგი არ გააჩნიათ,” – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველაზე მეტი ხმა თბილისში მოაგროვა, მან საპარლამენტო არჩევნები წააგო. გაჩეჩილაძე სამგორის ერთმანდატიან ოლქში იყრიდა კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად, თუმცა მმართველი პარტიის კანდიდატთან რუსუდან კერვალიშვილთან დამარცხდა ანგარიშით 34.4% – 53.6%-ის წინააღმდეგ.
კითხვაზე ელის თუ არა ის დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას, ვინაიდან ოპოზიცია საპროტესტო აქციებით იმუქრება, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა: ”არაფერს არ გამოვრიცხავ”.
კითხვაზე აქვს თუ არა მას მოლოდინი 7 ნოემბრის მსგავსი მოვლენების გამეორების, მერაბიშვილმა განაცხადა: ”ჩემთვის ძნელია ამის თქმა”.
ნოემბრის მოვლენების შემდეგ ეს მერაბიშვილის პირველი ინტერვიუ იყო. ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის დაშლა ”ნორმალური” იყო.
”არის ქვეყანა მსოფლიოში, სადაც პოლიცია არ იყენებს ძალას, როდესაც სიტუაცია კონტროლიდან გამოდის?” – განაცხადა მერაბიშვილმა, ”ჩვენ პოლიციას პრაქტიკა არ ჰქონდა. თუმცა ოპერაცია სწორად და პროფესიონალურად განხორციელდა – არავინ არ დაღუპულა და სერიოზული დაზიანებაც არ ყოფილა”.
”როდესაც ჩვენ ძალაუფლებაში მოვედით პოლიციას არ ჰქონდა არც იარაღი, არც ხელკეტები. ახლა ჩვენ შეიარაღებულები ვართ. ჩვენ დემონსტრაციის დასაშლელად თანამედროვე საშუალებები გამოვიყენეთ, მათ შორის აკუსტიკური ტექნოლოგიები. ჩვენ გამოვიყენეთ [ცრემლსადენი] გაზი. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება, რადგანაც თბილისმა გადაიტანა 1989 წელს 9 აპრილი. მაგრამ ჩვენ პროფესიონალურად ვიმოქმედეთ. როდესაც გაზს ვყიდულობთ, კარგად ვამოწმებთ მას და ყოველ წელს ვცვლით”.
ინტერვიუში მერაბიშვილმა ასევე ისაუბრა თვითგამოცხადებულ აფხაზეთზე და განაცხადა, რომ რუსები ”აიძულებენ აფხაზებს მოემზადონ ომისთვის”. მისი თქმით, მოსკოვს სურს აფხაზეთში საომარი მოქმედებების პროვოცირება მოახდინოს, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
”თუ იქ იქნება საომარი მოქმედებები, ნატო არ მიიღებს საქართველოს,” – განაცხადა მერაბიშვილმა, ”რუსეთი ფულს და იარაღს აწვდის [აფხაზეთს], რათა ჩვენ გვებრძოლონ”.
მერაბიშვილმა აღიარა, რომ ორი ქართული უპილოტო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული აფხაზეთის თავზე, ნაცვლად შვიდისა, როგორც ამას აფხაზური მხარე აცხადებს. თუმცა, დღემდე თბილისი მხოლოდ 20 აპრილს ერთი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს ადასტურებდა