თბილისი წარუმატებლად შეეცადა მოსკოვის დადანაშაულებას – რუსეთის საგარეო უწყება

საქართველოს მცდელობები რუსეთი დაედანაშაულებინა მისი უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებაში წარუმატებელი გამოდგა გაეროს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამ საკითხის განხილვის დროს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს. 

“ამერიკელები ყველაზე აქტიურად უჭერდნენ მხარს საქართველოს პოზიციას [სხდომაზე],” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ, “სხვებმა მეტი თავშეკავება გამოიჩინეს და ყურადღება გაამახვილეს გაეროს დამკვირვებელთა მისიის მონიტორინგის შესაძლებლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ქართულ-აფხაზური დიალოგის დაუყონებლივ აღდგენის საჭიროებაზე”. 

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს ქართული მხარის თხოვნის საფუძველზე გაიმართა, სადაც გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნა იქნა განხილული. ამ დასკვნის თანახმად, ქართული უპილოტო თვითმფრინავი 20 აპრილს აფხაზეთის თავზე რუსეთის საჰაერო ძალების კუთვნილმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო.  

ქართული მხარის განცხადებით, მან შეწყვიტა უპილოტო თვითმფრინავების ფრენები აფხაზეთის თავზე მას შემდეგ, რაც გაეროს დამკვირველებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ცეცხლის შეწყვეტის და ძალთა დაშორიშორების შესახებ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების დარღვევა. თუმცა, საფრთხის შემთხვევაში ფრენების განახლების უფლება დაიტოვა. 

“ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა სერიოზული გამოძიება ჩავატაროთ უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, ნაცვლად ცალმხრივი და ნაჩქარევი გამოძიებისა [რომელიც გაეროს მისიამ განახორციელა]. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ ვირწმუნებთ, რომ დადგენილი იქნება სიმართლე 20 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)