სააკაშვილი რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარს გეგმავს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 3 ივნისს თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან სატელეფონო საუბარს გეგმავს, რომლის დროსაც, ქართული მხარე რუსეთის სარკინიგზო ჯარებისა და დამატებითი სამშვიდობო ძალების აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან გაყვანას მოითხოვს.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განუცხადა. სხდომას, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა. მას ასევე ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სანკტ-პეტერბურგში 6-7 ივნისს დსთ-ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში რუს კოლეგას შეხვდება.
”მას [დიმიტრი მედვედევს] აქვს შანსი, რომ ჩაუყაროს საფუძველი იმას, რაც შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული მოდელი კონფლიქტების გადაწყვეტისა,”- განაცხადა 2 ივნისს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ.
რუსეთმა 31 მაისს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ”ჰუმანიტარული” – რკინიგზის რეაბილიტაციის მოტივით შეუიარაღებელი ჯარები შეიყვანა, ერთი თვით ადრე კი სამშვიდობოთა რაოდენობა 545 სამხედრო მოსამსახურით გაზარდა 2542-მდე. ორივე ეს ნაბიჯი, რომელიც თბილისის განცხადებით შეუთანხმებლად გადაიდგა, ქართულმა მხარემ დაგმო, როგორც ”ცალსახა სამხედრო ინტერვენცია”.
”დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს რუსეთმა ეს [სარკინიგზო] ჯარები, არამარტო ეს ჯარები, არამედ დაუყოვნებელი ნაბიჯის სახით დამატებითი საჯარისო ფორმირება, რომელიც ვითომდა მშვიდობოსმყოფელის საფარქვეშ ჰყავს შემოყვანილი,” – განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 2 ივნისს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)