შამბა თურქეთს სტუმრობს

აფხაზური და თურქული პრესის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა პირადი ვიზიტით თურქეთს სტუმრობს.

ინგლისურენოვანი თურქული გაზეთი Today’s Zaman იტყობინება 5 ივნისს, რომ შამბა თურქეთში კავკასია-აფხაზეთის სოლიდარობის კომიტეტის მოწვევით ჩავიდა.  შამბა არ შეხვედრია თურქეთის ოფიციალურ პირებს, თუმცა მან შეხვედრები გამართა ანკარაში რუსეთის საელჩოში, იტყობინება თურქული გაზეთი.

4 ივნისს თურქ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე შამბამ გამორიცხა თურქული შუამავლობა ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. მისი თქმით, თურქეთის პოზიციაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ის არაფერს ამბობს ხალხის თვითგამორკვევის უფლებაზე.  

საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, ვიზიტის ფარგლებში შამბამ შეხვედრები გამართა თურქეთში მცხოვრებ აფხაზურ დიასპორასთან.