სოლანა აფხაზეთის ირგვლივ ევროკავშირის საშუამავლო როლზე საუბრობს
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა მთავარი ამოცანაა აფხაზეთის საკითხის ირგვლივ ”აწეული ტემპერატურის” განეიტრალება და ამ მიზნით ევროკავშირი მზადაა შუამავლის როლი შეასრულოს.
”მე მგონი ახლა ის მომენტია, როდესაც ევროკავშირი კიდევ ერთხელ უნდა შეეცადოს, რათა მოახდინოს შუამავლის როლის შესრულება, რათა შეამციროს ეს ტემპერატურა და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიტუაციის დარეგულირებას,”- განაცხადა ხავიერ სოლანამ, ”კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ევროკავშირისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ მაქსიმალურად, რათა სტაბილიზაცია მოვახდინოთ სიტუაციის. დავიწყებთ იმით, რომ ცოტა შევამცირებთ ტემპერატურას და შევეცდებით მოვიძიოთ ის გამოსავალი, რომელიც იქნება მისაღები”.
მან ასევე კომენტარი გააკეთა თბილისის სურვილზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ოპერაცია საერთაშორისო საპოლიციო კომპონენტით შეიცვალოს.
”ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ ქვეყნის [საქართველოს] ხელისუფლებასთან,”- განაცხადა მან, ”მოგეხსენებათ სამშვიდობოები აფხაზეთში იმყოფებიან 1994 წლის შეთანხმების საფუძველზე. ნებისმიერი ცვლილება ამ მისიის სტრუქტურაში უნდა შეთანხმდეს მხარეებს შორის”.
სოლანას ეს განცხადება შინაარსობრივად ემთხვევა რუსეთის ოფიციალური პირების პოზიციას იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო ფორმატის შეცვლა ქართული და აფხაზური მხარეების ორმხრივი თანხმობით უნდა მოხდეს.
სოლანამ ასევე მოუწოდა თბილისსა და სოხუმს პირდაპირი დიალოგისაკენ.
”ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ გაგრძელდეს კონტაქტები თბილისსა და სოხუმს შორის, კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს ეს დიალოგი,”- განაცხადა მან 6 ივნისს სოხუმში დაგეგმილი გამგზავრების წინ, ”თუკი არის რამე როლი ამ მიმართულებით, რომლის შესრულება ჩვენ შეგვიძლია, მაქსიმალურად შევასრულებთ”.
მან ბოლო პერიოდში უკვე მეორედ განაცხადა, რომ ის ნაბიჯები, რომელიც რუსეთმა აფხაზეთთან მიმართებაში გადადგა, ”არ არის გონიერი”.
”ეს არ არის ის ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ტემპერატურის დაწევას, ისეთი ღონისძიებები, რომელიც ახლა არის საჭირო,”- აღნიშნა მან, ”ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ეს გზავნილი მივაწვდინოთ მათ, როცა ვხვდებით”.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, განსაკუთრებული დაინტერესება აფხაზეთის თემით განაპირობა იმან, რომ დაძაბულობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა და ”მე მგონი, ახლა არის შესაფერისი მომენტი ამისთვის [გააქტიურებისთვის]”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)