ცაგარეიშვილმა და თორთლაძემ გაერთიანებული ოპოზიცია დატოვეს
ეროვნული საბჭოს უპარტიო წევრებმა გია ცაგარეიშვილმა და გია თორთლაძემ გაერთიანებული ოპოზიცია დატოვეს. მათ 9 ივნისს განაცხადეს, რომ არ აპირებენ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას, თუმცა მანდატების დატოვების თაობაზე არაფერი უთქვამთ.
”ჩვენ ვიღებთ ძალზედ მტკივნეულ გადაწყვეტილებას და ვტოვებთ ეროვნულ საბჭოს. აქვე ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას და არ ვწევრიანდებით ალტერნატიულ სტრუქტურებში,”- განაცხადეს ცაგარეიშვილმა და თორთლაძემ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერეს.
მათ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელეს ეროვნულ საბჭოში არსებული ”ერთპიროვნული დიქტატი”, რომელიც თორთლაძის განცხადებით, გაჩნდა მას შემდეგ, რაც აპრილში გაერთიანებულ ოპოზიციას ახალი მემარჯვენეები შეუერთდნენ.
თორთლაძის განცხადებით, მათ გაერთიანებული ოპოზიციის გადაწყვეტილება ალტერნატიული პარლამენტის შექმნის თაობაზე, რომელიც ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ გაახმოვანა, ტელევიზიით შეიტყვეს.
”ბოლო დრომდე საბჭოს ჰყავდა არჩეული ლიდერი[ლევან გაჩეჩილაძე], რომელიც ამავე დროს იყო თანასწორთა შორის თანასწორი და ერთგვარი გარანტი იმისა, რომ საბჭოში ყველა გადაწყვეტილება მიიღებოდა კონსენსუსის გზით,”- განაცხადეს გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა წევრებმა, ”როგორც კი ეს პრინციპი დაირღვა გია ცაგარეიშვილის და გია თორთლაძის მსგავსი ადამიანებისათვის იქ ადგილი აღარ დარჩა”.
მათი განცხადებით მათ წინააღმდეგ ”უბინძურესი კამპანია აგორდა” და ”განსხვავებული აზრი ალტერნატიულ სტრუქტურებთან და საბჭოს მომავალ გეგმებთან დაკავშირებით აღქმული იქნა, როგორც ღალატი”.
”არ ვაპირებთ ურთიერთბრალდების რეჟიმში გადასვლას, ამასვე მოვუწოდებთ ჩვენ თანამებრძოლებს,”- განაცხადეს მათ.
გია თორთლაძე და გია ცაგარეიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტია მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ხელმძღვანელი პირები იყვნენ, თუმცა მათ მარტში მოულოდნელად დატოვეს პარტიული თანამდებობები და ეროვნულ საბჭოში დარჩნენ, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები.
ცაგარეიშვილმა და თორთლაძემ კატეგორიულად არ გამორიცხეს პარლამენტში შესვლა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მისცემს მყარ გარანტიებს იმის თაობაზე, რომ არ გამოიყენებს საკონსტიტუციო უმრავლესობას ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე; ასევე დათანხმდება ნოემბრის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიციის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით და მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებებს მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის თაობაზე.
მსგავსი პოზიცია დააფიქსირა პარტიის ”ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამ, რომელმაც ასევე დატოვა ეროვნული საბჭო არჩევნების შემდეგ ”ალტერნატიულ პარლამენტზე” შეუთანხმებლობის მოტივით. თუმცა ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისას დავითაიამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)