ქართველი დეპუტატები მოსკოვის მერს აკრიტიკებენ

რამდენიმე დეპუტატმა მმართველი პარტიიდან 9 ივნისს განაცხადა, რომ მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

ლუჟკოვმა 7 ივნისს განაცხადა, რომ თბილისმა კონფლიქტების მოგვარების მიზნით უნდა აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

”ეს არის მტრული განცხადება და ლუჟკოვმა უნდა იცოდეს, რომ ამას [განცხადებას] თავისი ფასი აქვს,” – განაცხადა დეპუტატმა ნიკა რურუამ, ”ის არასასურველ პირად უნდა გამოცხადდეს”.

”ის არის კრემლში მჯდომი ჩვენი მტრების რუპორი. ბატონი ლუჟკოვი არასოდეს იქნება სასურველი სტუმარი საქართველოში,”  – განაცხადა დეპუტატმა ირაკლი ქავთარაძემ.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, განახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივიას, თუ არა.

უკრაინის ხელისუფლებამ ლუჟკოვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მან სევასტოპოლის რუსეთისთვის ”დაბრუნებისკენ” მოუწოდა.