მმართველი პარტია ოპონენტი დეპუტატების ბოიკოტს არასწორ ნაბიჯს უწოდებს
მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების გადაწყვეტილება უარი თქვან საპარლამენტო მანდატებზე ”არასწორი” და ”უპასუხისმგებლო” ნაბიჯია.
გაერთიანებული ოპოზიციის 11-მა ლიდერმა დაწერა განცხადება სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე. მე-12 დეპუტატი, ირაკლი იაშვილი ანალოგიურ განცხადების დაწერას უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ აპირებს. გაერთიანებული ოპოზიციის სიით გასული 5 დეპუტატი ამ დრომდე ბოიკოტის აქციას არ შეუერთდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მის სახელზე უკვე შევიდა ”რამოდენიმე” განცხადება.
”მიუხედავად იმისა, რომ მე ვერანაირად ვერ გავიზიარებ ამ განცხადებების პათოსს და მათ შეფასებით ნაწილს, ჩვენ იძულებული ვართ კონსტიტუციის და რეგლამენტის მოთხოვნით დავეთანხმოთ განცხადების იმ ნაწილს, სადაც პარლამენტის წევრები ითხოვენ მათი უფლებამოსილების შეწყვეტას,”- განუცხადა დღეს დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს, ”ეს, ალბათ, უფრო ცუდია თავად იმ პოლიტიკური ძალებისთვის ვინც უარს აცხადებს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებაზე და საპარლამენტო პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე”.
პარლამენტმა 7 დღის განმავლობაში უნდა შეუწყვიტოს უფლებამოსილება დეპუტატებს, თუ ამ დროის მანძილზე არ შევიდა პირადი განცხადება, რომ რომელიმე მათგანმა გადაიფიქრა მანდატის დატოვება.
დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ბოიკოტის მომხრე ძალები ”პოლიტიკური პროცესის მიღმა” დარჩებიან.
”დღეს [ოპოზიციური კოალიციის ]ამ უპასუხისმგებლობამ მწვერვალს მიაღწია, ამიტომ ეს არის მათი პრობლემა, არა საზოგადოების და არა ამომრჩევლის,”- აღნიშნა მან ”რა თქმა უნდა, ამომრჩეველი აირჩევს სხვა რჩეულს, ხოლო ისინი დარჩებიან პოლიტიკური პროცესის მიღმა”.
დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის გადაწყვეტილება ასევე გააკრიტიკა და განაცხადა: ”გაცილებით უფრო სწორი ნაბიჯები გადადგეს ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომლებიც შემოდიან და პარლამენტში აგრძელებენ მოღვაწეობას”.
პარლამენტში შესვლას გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატების 6 დეპუტატი და ასევე პარტიის ჩვენ თვითონ ლიდერი პაატა დავითაია და მისივე თანაპარტიელი, საქართველოს გზის უკვე ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე აპირებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)