მედიის ცნობით, ბურჯანაძე დემოკრატიის განვითარების ფონდის შექმნას გეგმავს

17 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გეგმავს ფონდის შექმნას, რომლის მიზანიც იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა.

ეს ინფორმაცია გავრცელდა რამდენიმე საათით ადრე ბურჯანაძის გამოსვლამდე. პარლამენტის ყოფილი სპიკერი დღეს საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ეს მისი პირველი ინტერვიუ იქნება მას შემდეგ, რაც აპრილში მმართველ პარტიას წინასაარჩევნოდ გაემიჯნა. მან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური დუმილი ამჯობინა.

ზოგიერთმა მიმოხილველმა და ოპოზიციის წარმომადგენელმა ივარაუდა, რომ ბურჯანაძე პოლიტიკური პროცესების მიღმა დიდხანს ვერ დარჩება და ფონდი, რომლის შექმნასაც ის გეგმავს, იქნება ის ბაზა, რის საფუძველზეც შესაძლოა ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდეს მომავალში.

თუმცა პავლე კუბლაშვილმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ ბურჯანაძის ფონდს პოლიტიკურ პროცესებთან კავშირი არ ექნება.

”დღეს გავიგე მეც ამის შესახებ ჟურნალისტებისგან. მოდით, დაველოდოთ კონკრეტულ განცხადებებს ქალბატონი ბურჯანაძის მხრიდან და ამის შემდეგ ალბათ გვექნება საშუალება ვიმსჯელოთ, თუ რა ადგილი შეიძლება ჰქონდეს  ამ ფონდს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში და რამდენად შეიძლება ის ატარებდეს პოლიტიკურ ხასიათს,”- განაცხადა კუბლაშვილმა, ”მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ რაიმე ფონდი შეიქმნება, მას ექნება ძალიან კონკრეტული მიზნები და ეს მიზნები არ დაუკავშირდება პოლიტიკური პროცესების რაიმე ფორმით მართვას”.  

ქართული მედია ასევე იუწყება, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც ბურჯანაძის ფონდში მოიაზრება, არის გიორგი მარგველაშვილი, ანალიტიკოსი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ყოფილი რექტორი. თუმცა მან ტელეკომპანია ”მზეს” კომენტარზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ თავი შეიკავა ბურჯანაძის განცხადებებამდე დეტალებზე საუბრისაგან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)