მედვედევი ბაღაფშს შეხვდა
სერგეი ბაღაფში და დიმიტრი მედვედევი შეხვედრაზე მოსკოვში. ფოტო: კრემლი
|
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მოსკოვში ვიზიტად მყოფ აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა. ეს ფაქტი თბილისში არაერთგვაროვნად შეფასდა – ოფიციალური პირების ნაწილმა დაგმო ეს შეხვედრას, ნაწილმა კი განაცხადა, რომ შესაძლოა ეს მისასალმებელიც კი იყოს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, რომ შეხვედრაზე განიხილებოდა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხები.
”აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერი პროგრესი შეიძლება მიღწეული იქნეს მხოლოდ ადრე მიღწეული შეთანხმებების, პირველ რიგში 1994 წლის 14 მაისის მოსკოვის ხელშეკრულების ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების, გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების შესრულების საფუძველზე,”- ნათქვამია კრემლის პრეს-რელიზში.
ამავე ცნობით, ბაღაფშმა ხაზი გაუსვა რუსი სამშვიდობოების სასიცოცხლო როლს კონფლიქტის ზონაში.
”მან ასევე მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციას აფხაზეთის მოსახლეობისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების საქმეში,” – აცხადებს კრემლი.
რუსეთმა 16 აპრილს მაშინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე სწორედ აფხაზეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის სურვილით ახსნა. თბილისი მოსკოვისგან ამ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.
მოსკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის სარკინიგზო ძალების მიერ აფხაზეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია სწორედ ამ ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია. რუსეთის ამ ნაბიჯმა ასევე გამოიწვია თბილისის პროტესტი, რომლის თქმითაც, რუსეთი სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება.
მედვედევის და ბაღაფშის შეხვედრა რამდენიმე საათით წინ უსწრებდა რუსეთის პრეზიდენტის გამგზავრებას ციმბირის ქალაქ ხანტი-მანსიისკში, სადაც 26-27 ივნისს ევროკავშირი-რუსეთის სამიტი იმართება. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ორდღიან სამიტზე საქართველოს საკითხიც იქნება განხილული.
ოფიციალურმა თბილისმა დაგმო მედვედევი-ბაღაფშის შეხვედრა და მას ცუდი სიგნალი უწოდა.
”ჩვენ გაოცებას და აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს, რომელმაც სისხლიანი ეთნიკური წმენდა ჩაატარა, ღებულობენ ამ დონეზე და ლაპარაკი მიდის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებზე, სადაც ზუსტად ეს ქმედებები არის მკაცრად შეფასებული,”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ.
იმავდროულად, საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ასევე ”გაოცებას იწვევს” კრემლში დღევანდელი შეხვედრის ჩატარება იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მოსამზადებლად.
”საერთოდ ეს ტენდენცია არის ასეთი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში: როგორც კი პატარა პოზიციური სიგნალი მოდის, ამას იმ წუთსვე მოჰყვება ისეთი ნაბიჯი, რომელიც ფაქტიურად ამ პოზიტივს აქარწყლებს პირწმინდად,”- აღნიშნავს ვაშაძე.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილი განცხადებით, უახლოეს დღეებში გაირკვევა პოზიტიური იყო კრემლში გამართული შეხვედრა კონფლიქტის მოგვარებისათვის, თუ ხელის შემშლელი.
”თუ ვივარაუდებთ, რომ მედვედევი სერიოზულად ემზადება ამ [რუსეთ-ევროკავშირის] შეხვედრისთვის და უნდა, რომ მან დეტალებში იცოდეს ყველაფერი, ეს მისასალმებელია. მაგრამ თუ ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც ცალი ხელით გეფერებიან და მეორე ხელით გჭრიან ხელს, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ იქნება მისასალმებელი,”- განაცხადა იაკობაშვილმა, ”მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამ რამოდენიმე დღეში გაირკვევა”.
მისი ინფორმაციით, საქართველო თემა აქტუალური იქნება, როგორც 26-27 ივნისის რუსეთ-ევროკავშირის, ისე დიდი რვიანის სამიტზე.
გაცილებით რადიკალური იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე თავის შეფასებებში. მისი თქმით, მედვედევმა ბაღაფშთან შეხვედრით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ რუსული სამშვიდობო ფორმატი უნდა შეიცვალოს აფხაზეთში.
”ეს არის პასუხი თუნდაც ქალბატონ მერკელის გუშინდელ მოწოდებაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თავშეკავებულები და ფორმატი ჯერ არ უნდა შეიცვალოს. მე ვფიქრობ პირდაპირი დამოძღვრა სეპარატისტთა ლიდერების საკუთარ კაბინეტში განაპირობებს სწორედ იმას, რომ სამშვიდობო ფორმატი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი თავად ადასტურებს უკვე, რომ ის წარმოადგენს სწორედ იმ მხარეს, რომელიც არის ინიციატორი აგრესიისა,”- განაცხადა თარგამაძემ.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 25 ივნისს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია იზიარებს საქართველოს წუხილებს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით აფხაზეთში, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები უნდა დარჩნენ აფხაზეთში, სანამ მათი ალტერნატივა არ მოიძებნება. მან ასევე მოუწოდა თავშეკავებისაკენ და ვითარების ესკალაციის არ დაშვებისკენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)