აფხაზეთი რუსეთის ’პროტექტორატია’ – შამბა
აფხაზეთი ამჟამად რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფება, რაც საბოლოოდ თვითგამოცხადებული რეგიონის მოსკოვის მიერ აღიარებით დასრულდება, განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ საგაზეთო სტატიაში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” იტყობინება 30 ივნისს.
”ბოლო დროინდელი მოვლენები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ აფხაზეთი ფაქტიურად რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფება,” – განაცხადა შამბამ სტატიაში, რომელიც ადგილობრივ გაზეთში ”პრავდა აბხაზიი” გამოქვეყნდა, ”სწორედ ასე უნდა გავიგოთ პრეზიდენტ პუტინის განკარგულება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების რეგულირების თაობაზე, რუსეთის წინა გადაწყვეტილების გათვალისწინებით გამოვიდეს დსთ-ს 1996 წლის ხელშეკრულებიდან, რომელიც აფხაზეთთან ურთიერთობებს ზღუდავს”.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებში მკაფიოდ შეინიშნება აშშ-ს და ტაივანს შორის არსებული თანამშრომლობის მოდელი.
”ჩვენს რეგიონში რუსეთის განსაკუთრებული ინტერესის და როლის გათვალისწინებით, მას, ისევე როგორც ამას აშშ აკეთებს [ტაივანის შემთხვევაში], შეუძლია მტკიცედ განაცხადოს, რომ აფხაზეთზე ან სამხრეთ ოსეთზე საქართველოს შესაძლო შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ან ძალის გამოყენების მუქარის შემთხვევაში, მიღებულ იქნება ადეკვატური საპასუხო ზომები,” – განაგრძო შამბამ, ”ჩვენ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ამგვარი ტიპის ურთიერთობებს განვიხილავთ როგორც დროებითს და გარდამავალს, რომელმაც უნდა მოამზადოს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხობრივად ახალი დონე. ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბოთ ამგვარი წინადადებები. ისინი ითვალისწინებს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების დადებას სამხედრო-პოლიტიკურ, საბაჟო, სასაზღვრო, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში”.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამგვარი ტიპის ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანი ხდება განსაკუთრებით 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების წინ.
შამბას განცხადებით, კოსოვოს აღიარებამ უფრო მეტი სამართლებრივი საფუძველი მისცა რუსეთს აფხაზეთის აღიარებისთვის; თუმცა, ამავე დროს მან გააფრთხილა, რომ ამგვარი სცენარი ”დროში შეზღუდულია”.
”თუ რუსეთი ვერ შეძლებს გადამწყვეტი, ადეკვატური და სწრაფი რეაგირება მოახდინოს [კოსოვოს აღიარებაზე], ხელსაყრელი მომენტი დაიკარგება, რადგანაც როდესაც კოსოვოს საკითხი აღარ იქნება აქტუალური, მასზე აპელირება აღარ იქნება სწორად აღქმული,” – წერს შამბა.
რუსეთის პრეზიდენტის 16 აპრილის გადაწყვეტილებაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 აპრილს განაცხადა: ”ტაივანიზაციის სცენარი საქართველოსთან მიმართებაში სრული სიგიჟეა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)