სუამის სამიტი ბათუმში

მარცხნიდან მარჯვნივ: ლეხ კაჩინსკი, ილჰამ ალიევი, მიხეილ სააკაშვილი, ვიქტორ იუშჩენკო და ვალდას ადამკუსი სუამის სამიტზე ბათუმში. 
ფოტო: ლიტვის პრეზიდენტის პრესსამსახური.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 1 ივლისს, რომ საქართველო ”რთულ სიტუაციაში” იმყოფება, რადგანაც მისი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მცდელობას აქვს ადგილი.

ბათუმში სუამის სამიტზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა: ”საქართველოში ცდილობენ გაიმეორონ ის სცენარი, რომელიც ევროპას თავს მოახვიეს და განახორციელეს ჩეხოსლოვაკიის მიმართ მიუნხენის შემდეგ [1938 წელს], ხოლო პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მიმართ ”რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის” შემდეგ [1939 წელს].

”გამოვთქვამთ იმედს, რომ დღევანდელ მსოფლიოში ახალი ”მიუნხენი” და ”რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი”, ევროპის სფეროებად დაყოფა, ტერიტორიების დანაწევრება და საზღვრების გადახედვა არ განხორციელდება,” – დასძინა მან.

სააკაშვილმა ეს განცხადება აზერბაიჯანის, უკრაინის, პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პრეზიდენტებმა ბათუმში გამართულ სუამის სამიტში მიიღეს მონაწილეობა.

ორგანიზაცია აერთიანებს საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანს და მოლდოვას.

თუმცა, მოლდოვას პრეზიდენტი ვლადიმერ ვორონინი სამიტს არ ესწრებოდა. მარტში ვორონინმა გააკრიტიკა სუამი და განაცხადა, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლო რეალური შედეგების მოტანა. მოლდოვას ბათუმის სამიტზე შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოადგენდა.

სამიტს მოწვეული სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტები, ვალდას ადამკუსი და ლეხ კაჩინსკი. ბათუმში ასევე იმყოფებოდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ სუამი ”ძალიან ეფექტურ ორგანიზაციად” გადაიქცა.

თავის გამოსვლაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის გაზრდილმა პოლიტიკურმა კოორდინაციამ უკვე გამოიღო რეალური შედეგები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამ კუთხით, ალიევმა აღნიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს ”ყველა სომხური ძალების დაუყონებლივ გაყვანას ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან”. ალიევმა მადლობა გადაუხადა სუამის წევრ სახელმწიფოებს ამ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის და იქვე დასძინა, რომ აზერბაიჯანმა მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას აფხაზეთის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ სუამის ფარგლებში ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ენერგო და ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სამიტმა წარმოაჩინა, რომ ორგანიზაციას აქვს სამოქმედო გეგმა, თუ როგორ განვითარდეს შემდგომში. 

პოლონეთის პრეზიდენტმა სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას 2008 წლის დეკემბერში.

ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა განაცხადა, რომ სუამი არა მარტო ძლიერდება, არამედ უფრო და უფრო მეტ მეგობრებს იძენს.

მან მოუწოდა მონაწილე მხარეებს განაგრძონ ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა შიდა რეფორმებზე, დემოკრატიასა და ევროპულ ღირებულებებზე ფოკუსირებით, ასევე ყურადღება გაამახვილონ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.

ერთობლივ დეკლარაციაში სუამის ლიდერებმა პირობა დადეს ”ერთობლივად აღუდგნენ წინ საერთო რისკებსა და საფრთხეებს” და დაადასტურეს, რომ მზად არიან სუამის ქვეყნებში არსებული კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვარონ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

სამიტზე კმაყოფილებით აღინიშნა სუამ-აშშ პარტნიორობის გაფართოება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში ტექნიკური დახმარების ახალი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხოების გაძლიერებას, გამოითქვა სუამ-ის მზადყოფნა გააღრმავოს პარტნიორული ურთიერთობები ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოსთან.

სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა სუამი-აშშ, სუამი-იაპონიის, სუამი-პოლონეთი და სუამი-ჩეხეთის შეხვედრები.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)