პარლამენტმა ახალი ვიცე სპიკერი დაამტკიცა

დეპუტატი ლევან ვეფხვაძე პოლიტიკაში წასვლამდე ტელეკომპანია ”იმედის” პოპულარული გადაცემა ”დროებას” პროდიუსერი იყო. ფოტო: ინტერპრესნიუსი.

დღეს პარლამენტმა 101 ხმით 1-ის წინააღმდეგ დეპუტატი ლევან ვეფხვაძე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან ვიცე-სპიკერად აირჩია.

მან ოპოზიციისთვის სპიკერატში განკუთვნილი სამი ადგილიდან ერთი ვაკანსია შეავსო.

პარლამენტმა პირველ ვიცე-სპიკერად მიხეილ მაჭავარიანი, ხოლო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერებად დეპუტატები გიგი წერეთელი, რუსუდან კერვალიშვილი და ფრიდონ თოდუა 24 ივნისს დაამტკიცა. მანამდე კი სპიკერატში აჭარის კვოტა შეავსო ანზორ ბოლქვაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ხულოს რაიონიდან.

რეგლამენტში ამ მოწვევის პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებების შედეგად ვიცე-სპიკერების რაოდენობა ოთხიდან ცხრამდე გაიზარდა. ამდენად, ამ დროისთვის ვაკანტური რჩება ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი კვოტა და აფხაზეთიდან არჩეული დეპუტატისთვის განკუთვნილი ადგილი სპიკერატში.

შესაძლოა, შემოდგომაზე ოპოზიციის კიდევ ერთი ადგილი სპიკერატში დეპუტატმა პაატა დავითაიამ დაიკავოს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)