რაისი: სახეზეა მცდელობები აფხაზეთის სამშვიდობო პროცესის განახლებისთვის
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ვაშინგტონის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ნატოში მისწრაფების და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
10 ივლისს თბილისში პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას რაისმა განაცხადა, რომ კონფლიქტები საქართველოში მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების საფუძველზე.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთის ქმედებების გამო თვითგამოცხადებულ რეგიონებში, რადგანაც ეს ქმედებები, მისი თქმით, არ უწყობენ ხელს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.
”ის [რუსეთი] უნდა იყოს პრობლემის მოგვარების ნაწილი, მისი მოგვარების და არა ხელშეწყობის ნაწილი,” – განაცხადა რაისმა, ”მე ეს რუსებსაც ვუთხარი საჯაროდ. მე ეს პირად საუბრებშიც განვაცხადე”.
”ძალადობა უნდა შეწყდეს და ვინც არ უნდა ახორციელებდეს მას, და მე ეს ვუთხარი პრეზიდენტს [სააკაშვილს], ძალადობა არ უნდა იყოს,” – დასძინა მან, ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ უარი თქვას ძალადობაზე. აფხაზეთში არსებული სიტუაცია მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. მე მჯერა, რომ არსებობს გზები მისი მშვიდობიანად მოგვარებისა”.
მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის განახლებას და აღნიშნა, რომ მეთიუ ბრაიზა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ცოტა ხნის წინ აფხაზეთს სტუმრობდა, რათა ”განეხილა ზოგიერთი იდეა, რომელიც ამის საფუძველი გახდებოდა”.
”ეს არის იდეები დეესკალაციის თაობაზე; არის იდეები აფხაზეთის იზოლაციის დასრულების თაობაზე და აფხაზებმა და ქართველებმა პირდაპირ უნდა ილაპარაკონ; ამრიგად, ბევრი რამ არსებობს, რისი გაკეთებაც შეიძლება და ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას,” – განაცხადა მან.
რაისის თქმით, აშშ აქტიურად მუშაობს გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფთან, ”განსაკუთრებით გერმანიასთან”, რათა ”დავაბრუნოთ სამშვიდობო პროცესი უკან”.
”რუსეთი არის მეგობრების ჯგუფის წევრი, რომელიც უნდა მოიქცეს ისე, რომ იყოს ნაწილი პრობლემის მოგვარებისა და თავისის წვლილი შეიტანოს ამაში. გზები უნდა იყოს მშვიდობიანი,”- განაცხადა რაისმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აპირებს ”უმაღლეს დონეზე საუბრების” გამართვას ამ საკითხებზე.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი ცდილობს მიუახლოვდეს და დიალოგი გამართოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხთან, თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსეთმა ნეგატიური როლი ითამაშა ამაში.
”რუსეთი აღარ უჭერს მხარს, აღარ აღიარებს საქართველოს იურისდიქციას მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ 8 ივისს რუსულმა თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია და ”დედაქალაქთან ახლოს” მოფრინდა, რაც ”შემაშფოთებელი მოვლენა” იყო.
”აშშ-ს როლი მნიშვნელოვანია მშვიდობისა და დემოკრატიის ხელშეწყობის კუთხით,” – განაცხადა სააკაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ ორ ქვეყანას დემოკრატიის საერთო ღირებულებები გააჩნია.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა დღეს გამართულ შეხვედრას ქართული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან და განაცხადა, რომ აუცილებელია ”ძლიერი პარლამენტის, ძლიერი მედიის და ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლოს” არსებობა ქვეყანაში.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება – ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი მედია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სასამართლო, რაც საბოლოო ჯამში გახდება ფუნდამენტი დემოკრატიისა საქართველოში,”- აღნიშნა რაისმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ ძალისხმევას არ იშურებს საქართველოს ინტეგრაციის მხარდასაჭერად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
პრეზიდენტ სააკაშვილის რეპლიკაზე, სადაც მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მიიღებენ MAP-ს დეკემბერში და რომ ეს იქნება ბუშის ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი წარმატება, რაისმა უპასუხა: ”ჩვენ ვმუშაობთ ამაზე”.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ერაყის ოპერაციაში შეტანილი წვლილის გამო და აღნიშნა ის ადამიანური დანაკარგები, რაც ქართულმა დანაყოფებმა განიცადეს ერაყში. 2003 წლის აგვისტოდან ქართული ძალების ერაყში განთავსების შემდეგ სულ 21 ქართველი სამხედრო დაშავდა ან გარდაიცვალა.
”ჩვენი სამხედროები მართლაც ამაყობენ იმით, რომ მათთან ერთად იბრძვიან,”- განაცხადა კონდოლიზა რაისმა.