აშშ რუსეთის მშვიდობისმყოფელის როლს ეჭვის ქვეშ აყენებს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა 14 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ ის ღრმადაა შეშფოთებული რუსეთის განცხადების გამო, რომ მისმა სამხედრო თვითმფრინავმა განზრახ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე.
”ამგვარი ქმედებები ეჭვის ქვეშ აყენებს რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის და მოლაპარაკებებში შუამავლის როლს და მთელი რეგიონის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს,” – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა 10 ივლისს აღიარა, რომ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ამით თავიდან აიცილა ძალისმიერი გზით ცხინვალის რეგიონში სიტუაციის განვითარება ”გააგრილა რა თბილისში ცხელი თავები”.
საქართველოში აშშ-ს საელჩომ 14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ”ძლიერ” შეშფოთებულია მოსკოვის განცხადებით, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ”შეგნებულად დაარღვიეს საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრები”, როცა 8 ივლისს შემოფრინდნენ საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის საჰაერო სივრცეში. ”ასეთი ქმედებები მხოლოდ პროვოკაციულია და ართულებს სიტუაციის განმუხტვისაკენ მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას.
განცხადება ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ”ძალადობის ესკალაციის” გამო და მოუწოდებს ყველა მხარეს უთანხმოებების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად დაუბრუნდეს პირდაპირი მოლაპარაკების პროცესს.
”ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აქტიურადაა ჩაბმული გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების პროცესში და მიაჩნია, რომ მეგობარი ქვეყნების ჯგუფი მიაღწევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული კონფლიქტების მოგვარებას,”- აცხადებს აშშ-ს საელჩო.
ამერიკული მხარე ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ”რუსეთის ჩათვლით”, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საყოველთაოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)