აფხაზეთის ლიდერი ”გერმანულ გეგმას” უარყოფს
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმი ვერ განიხილავს გერმანიის მიერ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ფარგლებში მომზადებულ კონფლიქტის მოგვარების გეგმას.
საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესის” ცნობით, 14 ივლისს ბაღაფშმა განუცხადა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნების სოხუმში, რომ მან წაიკითხა გეგმა, ”მაგრამ ჩვენ მას ვერ განვიხილავთ იმ ფორმით, როგორც წარმოდგენილია”.
იმავე დღეს აფხაზეთის ლიდერი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულს კავკასიის საკითხებში ჰანს-დიტერ ლუკასს შეხვდა. სწორედ მან გააცნო ბაღაფშს გეგმა.
გეგმა საჯარო არ არის, თუმცა გერმანული გაზეთის ”შპიგელის” ცნობით, ამ გეგმის პირველი ფაზა ითვალისწინებს ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ერთწლიან ღონისძიებებს, რაც ასევე მოიცავს ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესის დაწყებას; მეორე ეტაპი ითვალისწინებს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას, რომლის დროსაც ბერლინი დონორთა სახსრების მოსაზიდად კონფერენციას მოიწვევს; ხოლო მესამე ეტაპი გულისხმობს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას.
”ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზეთის სტატუსის განხილვას ვინმესთან,” – განაცხადა ბაღაფშმა, ”ჩვენ ვაშენებთ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს”.
მეგობართა ჯგუფის წევრები არიან საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ. რუსეთს გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია და თავისი პოზიცია სამ-ფაზიან მოგვარებაზე საჯაროდ არ დაუფიქსირებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)