თბილისი რუსული წვრთნების მიზანს აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩრდილოეთ კავკასიაში საზღვრის უშუალო სიახლოვეს მიმდინარე წვრთნებს უკანასკნელ პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.  

წვრთნებში სახელწოდებით "კავკასია-2008”, რომელიც 15 ივლისს დაიწყო,  8000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. რუსული მხარის ცნობით, წვრთნების დროს მუშავდება საქართველოს კონფლიქტურ ზონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში "მშვიდობისათვის იძულების სპეციალური ოპერაციები”. იმავდროულად, 10 ივლისს  ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალმა სერგეი მაკაროვმა განაცხადა, რომ მზადაა დახმარება აღმოუჩინოს რუს სამშვიდობოებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში.

”კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებით მიღებული არცერთი დოკუმენტი არ ანიჭებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე ქმედებების განხორციელების უფლებას,”- აცხადებს 16 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ”შესაბამისად რუსეთის სამხედრო უწყებისა და სამხედრო მაღალჩინოსნების აღნიშნული განცხადებები ვერ იქნება განხილული სხვაგვარად, თუ არა როგორც სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის მუქარა”.

თბილისი აცხადებს, რომ რუსეთის ”აგრესიული პოლიტიკა” საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთლიანად კავკასიის რეგიონში.

”რუსეთში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ  მოვლენათა ასეთი განვითარების შედეგად ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანსა და ყაბარდო-ბალყარეთში მზარდი დაძაბულობა და მრავალრიცხოვანი შეიარაღებული შეტაკებები ადგილობრივ მეამბოხეებსა და რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს შორის შესაძლოა გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დესტაბილიზაციაში, რაც ჩვენი აზრით, არ უნდა შედიოდეს რუსეთის ფედერაციის ინტერესებში,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, ”დაბეჯითებით მოვუწოდებთ რუსეთის მხარეს თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან და შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)