ბაქრაძე დევნილების დაბრუნებაზე ლავროვის განცხადებას აკრიტიკებს
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში დაბრუნების პირობებზე ”ძალიან არაკონსტრუქციულია”.
ლავროვმა 17 ივლისს განაცხადა, რომ პირველ რიგში, ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების უპირობო ხელმოწერაა საჭირო გერმანიის მიერ მომზადებული გეგმის დანარჩენი ასპექტების განსახილველად, მათ შორის დევნილთა დაბრუნების შესახებ. ”ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ეს მოთხოვნა დაუკავშირონ დევნილთა დაბრუნების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას, რაც აბსოლუტურად არარეალურია ამ ეტაპზე,” – განაცხადა მან.
”ის, რაც აფერხებს [სამშვიდობო] პროცესს არის რუსეთის პოზიცია და დღეს ჩვენ მოწმენი გავხდით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ძალიან არაკონსტრუქციული განცხადების, სადაც ეჭვის ქვეშაა დაყენებული დევნილთა დაბრუნების უფლება,” – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ.
”ეს განცხადება წარმოადგენს რევიზიას და გადახედვას ყველა აქამდე მიღებული დოკუმენტის. ეს განცხადება ეწინააღმდეგება გაეროს ყველა დღემდე მიღებულ რეზოლუციას და მთელ რიგ ხელშეკრულებებს,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”ყველგან დევნილების დაბრუნება აღიარებულია მათ უპირობო უფლებად და ძალიან სამწუხაროა, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავს უფლებას აძლევს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აღნიშნული პროცესი და თან ამას აკეთებს იმ დროს, როცა საქართველოში იმყოფება ვიზიტად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ის ხვალ უნდა შეხვდეს. დიპლომატიაში ეს არცთუ ისე პატიოსანი თამაშის წესია”.
ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერლინის მიერ მომზადებული სამფაზიანი გეგმა განიხილა.
საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად ბაქრაძემაც საკმაოდ ფრთხილად ისაუბრა გეგმის თაობაზე და განაცხადა, რომ ”გერმანულ გეგმაში არის მთელი რიგი ელემენტები, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც სრულიად პოზიტიური”.
”თუმცა უმთავრესი აქცენტი უნდა გაკეთდეს სწორედ იმაზე, რომ შესრულების პირველივე ეტაპზე მიღწეული იქნას კონკრეტული პროგრესი დევნილების დაბრუნების საკითხში. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდება ჩვენთვის მისაღები ვერცერთი გეგმა, რომელიც დევნილების დაბრუნების საკითხზე საუბრობს მომავალ დროში ან გადააქვს ის გაურკვეველ პერსპექტივაში, რის საფუძველსაც ქმნის სამწუხაროდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)