გერმანული გეგმა ”არ დასამარებულა” – ამერიკელი დიპლომატი
აშშ-ს ელჩმა გაეროში ზალმაი ხალილზადმა განაცხადა, რომ გერმანიის მიერ მომზადებული სამეტაპიანი გეგმა თაობაზე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მხარდაჭერას იმსახურებს და მონაწილე მხარეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
”ჩვენ არა გვგონია, რომ [გერმანული] გეგმა და იდეები დასამარდა,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს 21 ივლისს საქართველოს შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის შემდეგ, ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კარგი პროცესია, რაც მხარდაჭერას იმსახურებს და გვინდა, რომ ყველამ ითანამშრომლოს მასში”.
აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ მისთვის გეგმა მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ 21 ივლისს განაცხადა, რომ ეს გეგმა მისასალმებელია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ გეგმას გაუმჯობესება და ”გარკვეული შესწორებები” ესაჭიროება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გეგმა არის ”ნაბიჯი სწორი მიმართულებით,” თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმება უნდა იყოს პრიორიტეტული საკითხი და არა დევნილთა დაბრუნება.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის თქმით, მხარეთა პირველმა რეაქციებმა უჩვენა, რომ საშუამავლო პროცესი დაიწყო და მხარეები ცდილობენ თავიანთი პოზიციების განსაზღვრას ამ პროცესში.
რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა 21 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის აქტივობას, რომელმაც გასულ კვირას მოლაპარაკებები გამართა საქართველოს, თვითგამოცხადებული აფხაზეთის და რუსეთის ხელმძღვანელობასთან.
”რუსეთი არის იმ ძალიან ინტენსიური დიპლომატიური საქმიანობის ცენტრში, რომელმაც შესაძლოა შედეგები გამოიღოს,” – განაცხადა ჩურკინმა.
თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ პროცესში ჩართულმა მხარეებმა ”რეალისტური გათვლები” უნდა გააკეთონ და გაიმეორა, რომ ქართული ძალების გამოყვანა ზემო კოდორის ხეობიდან და ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა აუცილებელია კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად.
”ამის შემდეგ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დიპლომატიურ პროგრესს,” – დასძინა ჩურკინმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)