ბრაიზას განცხადება ზემო კოდორის ხეობიდან ძალების გაყვანის თაობაზე სადავო გახდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მეთიუ ბრაიზას მიერ სოხუმში 25 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გამოყვანის თაობაზე სადავო გახდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მეთიუ ბრაიზამ 25 ივლისს აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: ”ჩვენ განვიხილეთ სამშვიდობო პროცესის სტიმულირების შესაძლებლობა, თუ როგორ დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები თბილისში გაიყვანონ თავიანთი ძალები ზემო კოდორის ხეობიდან, რასაც აფხაზური მხარე ასე დაჟინებით ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე საუბარი ყოველგვარი პროგრესის მიღწევის გარეშე. ჩვენ უნდა შევცვალოთ მიმართულება”.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბრაიზას განცხადება რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა არასწორად გადმოსცეს. მათი თქმით, ბრაიზას არ უთქვამს, რომ თბილისმა თავისი ძალები უნდა გაიყვანოს ზემო კოდორის ხეობიდან. 

გაზეთი ”რეზონანსი” იტყობინება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით: ”ბრაიზამ თქვა, რომ განვიხილეთ რიგი საკითხები და მათ შორის აფხაზეთის მოსაზრებები, ქართველების მიერ ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. მას არ უთქვამს, ქართველებმა ჯარები გაიყვანონო”.

26 ივლისს საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უჩვენა აფხაზური ტელევიზიის მიერ გადაღებული კადრები, სადაც ნაჩვენებია როგორ ესაუბრება მეთიუ ბრაიზა აფხაზ ჟურნალისტებს სოხუმში რუსულ ენაზე. თავის განცხადებაში, რომელიც ჯერ აფხაზურმა ტელევიზიამ უჩვენა, ხოლო შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ბრაიზა აცხადებს რუსულ ენაზე: ”ჩვენ გავცვალეთ შეხედულებები სამშვიდობო პროცესის სტიმულირების თაობაზე და იმაზე, თუ როგორ დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები იქ, თბილისში გამოიყვანონ ძალები, როგორც ეს თქვენ გსურთ”. ”

ამერიკელი დიპლომატი დღეს 15:00 საათზე თბილისში პრეკონფერენციის გამართვას გეგმავს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)