სოხუმი მეგობართა ჯგუფთან შეხვედრაზე უარს აცხადებს

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმი არ მიიღებს მონაწილეობას ბერლინში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაში სამხრეთ ოსეთში არსებული დაძაბულობის გამო, იტყობინებოდა ”აფსნიპრესი” 3 აგვისტოს.

კვირას თვითგამოცხადებული რეგიონის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საუბრისას ბაღაფშმა განაცხადა: ”ცხინვალში დაძაბულობა იზრდება… საქართველო თავის ძალებს აგზავნის სამხრეთ ოსეთის საზღვართან. ამ ვითარებაში, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ვერც მეგობართა ჯგუფთან, ვერც ქართულ მხარესთან”.

”ჩვენ თვალს გავადევნებთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამხრეთ ოსეთში და თუ სიტუაცია გამოსწორდება, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებას,” – დასძინა ბაღაფშმა.

ბაღაფშის თქმით, მეგობართა ჯგუფის შეხვედრა 15 აგვისტოს იგეგმებოდა. თავდაპირველად, შეხვედრის გამართვა 30-31 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა აფხაზურმა მხარემ ეს თარიღი უარყო და განაცხადა, რომ 15-დან 20 აგვისტოს ფარგლებში შეძლებდა შეხვედრაში მონაწილეობას. მოსკოვიც გამოვიდა შეხვედრის მოგვიანებით გამართვის წინადადებით. თუმცა, ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ აგვისტო და სექტემბრის დასაწყისი მიუღებელი იყო დატვირთული გრაფიკის გამო.

”აფსნიპრესი” ასევე იტყობინება, რომ ბაღაფშმა მითითება მისცა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანოს ”შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფი”. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)