”დაუცველად დატოვების” გამო გაბრაზებული მოსახლეობა კონფლიქტის ზონას ტოვებს
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის და მის გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობა, რომელთაც რეგიონი დატოვეს, გუშინ საღამოს პარლამენტის წინ შეიკრიბა.
ქართულენოვანმა ვებგვერდმა pressa.ge გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ათობით დევნილი ადამიანი რუსთაველის გამზირზე, რომლებიც პრეტენზიებს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა ისინი და იმედგაცრუებას გამოხატავენ დასავლეთის და კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ.
ერთი ქალბატონი ჩანაწერში გაბრაზებით აცხადებს: ”ჩვენ ამერიკაზე ვამყარებდით იმედებს; არა? ჩვენი ჯარისკაცები ერაყში იყვნენ; სად არის ახლა ამერიკა, სად არის?”
მეორე ქალბატონი ამბობს: ”ისინი კონცერტებს ატარებენ. ახლა კონცერტების დროა? ხალხი იღუპება”.
იგი 12 აგვისტოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას გულისხმობდა, სადაც ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთობის გამოხატვის მიზნით. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს პატრიოტული სიტყვებით მიმართავდნენ და აცხადებდნენ, რომ არ დანებდებოდნენ და ბოლომდე იბრძოლებდნენ, ხოლო მომღერლები პატრიოტულ სიმღერებს მღეროდნენ.
ვიდეოჩანაწერში ერთი მამაკაცი საპატრულო პოლიციის ოფიცერს ესაუბრება: ”რატომ დაგვტოვეს [ხელისუფლებამ] მარტო? რატომ გამოვიდნენ ჯარები? რატომ დატოვეს სოფლები და ხალხი დაუცველი?”
”ისინი ძლიერნი არიან,” – უპასუხა პოლიციის ოფიცერმა. მას მხედველობაში, სავარაუდოდ, რუსული ძალები ჰყავდა.
”მართლა?” – განაგრძო მამაკაცმა, ”მაშინ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი? რაიმე აზრი ჰქონდა ამას? რისთვის დაიღუპა ამდენი ხალხი?”
თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი მოგვიანებით მივიდა რუსთაველის გამზირზე, იგი გაბრაზებული ხალხის დამშვიდებას შეეცადა და მათ თავშესაფრის მიცემას დაპირდა. თუმცა, ხალხმა მას კიდევ უფრო მეტი გაბრაზებით შეუტია და უთხრა, რომ თავშესაფარი არ იყო მათთვის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც იმ ხალხის გადარჩენა, რომლებიც კვლავ რჩებოდნენ სოფლებში, რომლებსაც ახლა რუსული ძალები და ოსი მებრძოლები აკონტროლებენ.
”რატომ არ მოგვეცით იარაღი, ჩვენ თავს მაინც დავიცავდით,” – უყვიროდა ქალბატონი ახვლედიანს. ”ჩვენ იქ დაუცველები დაგვტოვეს”.
ახვლედიანი კვლავ შეეცადა მათ დამშვიდებას და უთხრა, რომ მას მხოლოდ მათზე ზრუნვა და მათთვის თავშესაფრის მოძებნა ევალებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, 13 აგვისტოს მონაცემებით 23 000 დევნილი პირი დარეგისტრირდა. მათი უმეტესობა საჯარო სკოლებში და ბაღებში განათავსეს, ხოლო თბილისის მისადგომებთან დევნილი მოსახლეობისთვის ასობით კარავი დაიდგა.
ამავდროულად, გაეროს რეგიონალურმა კოორდინატორმა საქართველოში რობერტ ვატკინსმა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ გაეროს სააგენტოები და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები ვერ ახერხებენ კონფლიქტის ზონაში, კერძოდ სამხრეთ ოსეთში შესვლას. მან მოუწოდა მხარეებს ჰუმანიტარული დერეფანი გახსნან, როგორც ამას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმა ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)